სასამართლოსგან გვაქვს გაუგონარი სირთულეები, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის" სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. ღარიბაშვილმა დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას საქმე გაიხსენა და აღნიშნა, რომ მერთან დაკავშირებული ეპიზოდები მტკიცებულებებით გამყარებული იყო.
"იყო ბოლომდე, ძალიან კარგად დამუშავებული, მტკიცე არგუმენტებით, მტკიცებულებებით გამყარებული ორი ეპიზოდი გიგი უგულავასთან დაკავშირებით. მე მართლაც მებრალება ის მოსამართლეები, რომლებიც დღეს მუშაობენ, რომლებსაც უწევდათ და ჯერ კიდევ უწევთ დაკვეთების შესრულება. ძალიან რთულია, როდესაც ხარ მოსამართლე, მოსამართლე გქვია და ყოვლად უსამართლო გადაწყვეტილებას ღებულობ",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, პასუხისგებაში მიცემა "ძალიან ბევრ ადამიანს მოუწევს".
"ისეთ ფაქტებს მივაგენით, რაღაც, გაუგონარი გარემოებები გამოიკვეთა, რომ საშინელებაა, ძალიან ბევრ ადამიანს მოუწევს პასუხისგებაში მიცემა და ის ადამიანები თუ სასამართლომ გაუშვა, შემდეგ უკვე არ ვიცი. ყაჩაღობაზე დავიჭირეთ პიროვნება ნიღბით, ავტომატით, სასამართლომ გაუშვა 5 000 ლარიანი გირაოთი. ეს კატასტროფაა. ისინი წახალისებას უკეთებენ კრიმინალს. როდესაც ყაჩაღს უშვებ სასამართლო დარბაზიდან 5 ათასი ლარის ოდენობით, ეს არის პირდაპირი კრიმინალის წახალისება. ეს არ არის სამართალი, ეს არ არის სასამართლო, მაგრამ ჩვენ ამას მალე გამოვასწორებთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, პირველი დავალება, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მისცა, თანამდებობის განურჩევლად ყველა პირის დაჯარიმება იყო.