საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში საკონსტიტუციო შეთანხმების საკითხში სიცხადის შეტანისთანავე გამოვა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს იუსტიციის სახლში ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, საკითხში სიცხადის შეტანის ორი გზა არსებობს - "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური განცხადება საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერაზე თანხმობის შესახებ, ან კენჭისყრის შედეგებით გამოვლენა.
"როგორიც არ უნდა იყოს სიცხადე, ჩვენ პრეზიდენტს მოვუსმენთ. ჩვენ შეგვეძლო, ხვალვე კენჭი გვეყარა ამ ცვლილებებისთვის, თუმცა კენჭისყრა მარტის ბოლოსთვის დავნიშნეთ, რათა პრეზიდენტსაც და ყველას, ვისაც ხმა აქვს მისაცემი, მათ შორის საწინააღმდეგოდ, პოლიტიკურ ვითარებაში კარგად გარკვევის საშუალება მიეცეს. ამ კანონპროექტს გავლილი აქვს ყველა ინსტანცია", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" პარლამენტში არ ჰყავს 150 კაცი და ცვლილებების ამ კვორუმით მიღებას ვერ დათანხმდება.
"150-კაციანი იქნება, 117-იანი თუ 137-იანი, ამაზე ვსაუბრობთ. ამ კონკრეტულ საკითხში, რომ პრეზიდენტმა მთავრობა ერთპიროვნულად არ უნდა შექმნას, ყველა თანხმდება. პრეზიდენტიც ამბობს, რომ ამ უფლებას არ გამოიყენებს, თუმცა, ვერ გადადგა ნაბიჯი, რომ კონსტიტუციიდან ამ საკითხის ამოღებას დათანხმდეს. ასე მარტივ თემაზე თანხმობის მიცემაში ხელს რა უშლის და რატომ ხდება, რომ ხან ელჩების თემას გადაებმება, ხან დაცვის თემას, რაშია საქმე?!", - აღნიშნა უსუფაშვილმა.