საქართველოს სახალხო დამცველი ინიციატივით გამოდის, ქართულ ციხეში მყოფი მარეკ დუდაევისა და სხვა ეთნიკურად ოსი პატიმრები ცხინვალში მყოფ ქართველ პატიმრებზე გაიცვალოს. აღნიშნული ინიციატივა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გააცნო, სადაც მარეკ დუდაევი მოინახულა.
როგორც უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, ომბუდსმენი, ასევე, იწყებს მარეკ დუდაევის სისხლის სამართლის საქმის შესწავლას, სადაც ბევრი დარღვევებია.
მისივე ინფორმაციით ცნობილია, რომ ერთ-ერთი მოწმე, რომელიც სწორ ჩვენებას აძლევდა, სასამართლო პროცესიდან გაიტაცეს. დუდაევს, უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, 23 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი და უკვე 9 წელია, ციხეში იმყოფება. მას ამინისტიის მუხლები შეეხო, რის შედეგადაც 4 წლიანი პატიმრობა აქვს დარჩენილი.
ამასთან, როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, მარეკ დუდაევი ასაჩივრებს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. იგი C ჰეპატიტის რთული ფორმით, ასევე რამდენიმე დაავადებით არის დაავადებული და მოითხოვს, გამოკვლელები ჩაუტარდეს.
ამასთან, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ რა რაოდენობის საქართველოს მოქალაქე იმყოფება ცხინვალში პატიმრობაში და ომბუდსმენის ოფისი ამ მხრივაც დაიწყებს მოკვლევას.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებები ჯერ ინიციატივაზე გაცვლის შესახებ არ მიმდინარეობს, თუმცა მოლაპარაკებები რამდენჯერმე იყო დაწყებული, მათ შორის 2008 წლის ომის შემდეგ, რომელშიც ჩართული იყო საქართველოს პატრიარქი და ევროკომისარი თომას ჰამერბერგი.
მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცველებმა 2004 წლის მარტში რამდენიმე ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 2005 წელს სასამართლომ მას 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.