რუსული "სბერბანკი" კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს რამდენიმე დღის წინ ქართული "ლიბერთი ბანკი" შეიძინა. "სბერბანკის" პრესსამსახურმა, კერძოდ კი, მისმა თანამშრომელმა ანასტასია ვახლამოვამ "ინტერპრესნიუსის" შესაბამის წერილობით კითხვაზე პასუხი გასცა, რომელშიც ნათქვამია - "სბერბანკი” არ აწარმოებს მოლაპარაკებებს ქართული "ლიბერთი ბანკის" შეძენის შესახებ. "სბერბანკს" განსაზღვრული აქვს პრიორიტეტები სსრკ-ს ყოფილ რეგიონში – ეს გახლავთ უკრაინა, ბელორუსი და ყაზახეთი. შესაბამისად, "სბერბანკს" არა აქვს საქართველოში ბანკის შეძენის გეგმები".
საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ქართული ბანკების რუსული ფინანსური ინსტიტუტების მიერ შეძენის გახშირებულ ფაქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში საქართველოს დიდი ქონება რუსეთის საკუთრებაში აღმოჩნდება.
"რამდენიმე დღის წინ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი - "ლიბერთი ბანკი" იყიდა რუსეთის სახელმწიფო ბანკმა - "სბერბანკმა". ახლა რუსეთის ერთ-ერთი დიდი ბანკი "ალფა ბანკი", რომელიც მჭიდროდ დაკავშირებულია კრემლთან, ყიდულობს "თიბისი" ბანკს, "ქართუ" ისედაც რუსული ბანკია, საქართველოში შემოდის ასევე დიდი რუსული სახელმწიფო "გაზპრომბანკიც", რომელსაც უნდა რამდენიმე ქართული ბანკის ყიდვა. მინდა გვესმოდეს ეს რა არის. ჩვენი ქონების 60-70 % არის ჩადებული ამ ბანკებში კრედიტებით, იპოთეკით და ა.შ. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ეკონომიკის ზრდა მოხდება ლარით, თუ ვერ მოხდება, დიდი ალბათობით, ბევრი ვიღაც კრედიტს ვერ გადაიხდის და ბანკები ამ ქონებას წაიღებენ. ბანკის მიერ ქონების წაღება თავისთავად ძალიან ცუდია, მაგრამ ადრე ეს ქონება ქართულ ბანკებს მიჰქონდა და მაინც საქართველოს კონტროლის ქვეშ რჩებოდა. ახლა ყველაფერი აღმოჩნდება რუსეთის ხელში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის განმარტებითაც, ეს ინფორმაცია ეროვნული ბანკისგან მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციები "თიბისი ბანკმა" და "ლიბერთი ბანკმა" გუშინვე უარყვეს.
ამასთან, "ინტერპრესნიუსი" პასუხს "ალფა-ბანკისგანაც" ელოდება.