საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით, "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო
შეხვედრა პროექტებით დაინტერესებული პირებისთვის წინასატენდერო-საკონსულტაციო ხასიათს ატარებდა.
როგორც ჟურნალისტებს რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა, განათლების პროგრამა "ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან", სავარაუდოდ, 140 მილიონი დოლარით დაფინანსდება.
"დღევანდელ შეხვედრაზე არის რამდენიმე ქართული უნივერსიტეტისა და სკოლის წარმომადგენელისა და ხელმძღვანელის შეკრება და ისინი აკეთებენ განაცხადს ამ პროექტში მონაწილეობაზე. ეს პროგრამა ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო შესაძლებლობებისა და სტანდარტების ამაღლებას ქართულ მაღლეს სასწავლებლებში, ასევე უნივერსიტეტების დაკავშირებას ადგილობრივი თემის საჭიროებებთან და კონკრეტულად ეკონომიკურ განვითარებას. ამ პროექტის ფარგლებში მოხდება უნივერსიტეტებისა და სკოლების უფრო აქტიური ჩართვა ეკონომიკური განვითარების პროექტებში", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განათლების სამინისტროს წარმოამდგენლები და ასევე "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" საქართველოს ოფისის წარმომადგენლებიც.