26 მაისის მოვლენების ერთ-ერთი მოწმე ოლეგ ჟვანია მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს .
როგორც ჟვანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზეწოლა თავისუფლების მოედანზე, ერთ-ერთი მარკეტის თავზე ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის აღმოჩენას უკავშირდებოდა.
მისი თქმით, 26 მაისის მოვლენებიდან 3-4 დღეში დააკავეს მოხდა. ციხეში კი მის მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა.
"მე ვცხოვრობ რუსთაველის გამზირზე N1-ში. ვხედავდი, როგორ განვითარდა 26 მაისის მოვლენები, თუ როგორ უსწორდებოდა მოქალაქეებს სპეცდანიშნულების რაზმი. პირადად მე 10 ადამიანი დავმალე ჩემს სახლში. 27 მაისს 11:00 საათზე კი, დამირეკეს და მითხრეს, რომ გამოვცხადებულიყავი რუსთაველის N4-ში მდებარე მარკეტში. ამ ტერიტორიაზე არსებული ფართი არის ჩემს საკუთრებაში. ამიყვანეს ამ შენობის სახურავზე, საიდანაც ორი ახალგაზრდის ცხედარი უკვე გადასვენებული ჰყავდათ. მაჩვენეს კაბელი, რომელიც იყო გადაჭრილი და მითხრეს, თითქოს მე აქ არსებული დაზიანების გამო სამი დღის წინ დავრეკე "თელასში", ისინი კი არ გამოცხადნენ. მითხრეს, რომ ამას "თელასშიც" დაადასტურებდნენ. მე ამაზე, მუქარის მიუხედავად, უარი განვაცხადე. რამდენიმე დღის შემდეგ კი ჩემთან სახლში შემოვიდა სამი პოლიციელი და დამაკავეს. პოლიციაში მიყვანისას გავარკვიე, რომ თითქოს რაღაც ფინანსურ დარღვევებში მედებოდა ბრალი. გამასამართლეს და გადამიყვანეს გლდანის საპყრობილეში", - აცხადებს ოლეგ ჟვანია.
მისივე თქმით, საპყრობილეში 4 თვე გაატარა, სადაც ძალიან მძიმე პირობებში იმყოფებოდა. მის მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლაც და რამდენჯერმე მძიმედაც სცემეს.
ჟვანიას განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აპირებს, უახლოეს ხანში მიმართოს პროკურატურას და საქმის გამოძიება ითხოვოს.