აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დღეს ევროპასა და აზიაში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების ოფისის ჯერალდ ოპერნდორფერი სტუმრობდა .
როგორც "ინტერპრესნიუსს" ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ჯერალდ ოპერნდორფერი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებს შეხვდა.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
"შეხვედრაზე მხარეებმა ჯანდაცვის კუთხით დევნილი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხებზე იმსჯელეს. მათ ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაწესებულებების საჭირო აპარატურითა და შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფის შესაძლებლობები განიხილეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების ოფისს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდება", - აცხადებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში.