ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაცია საქართველოს თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესებზე ანგარიშს მარტში გამოაქვეყნებს

ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაცია საქართველოს თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესებზე ანგარიშს მარტში გამოაქვეყნებს

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაცია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესებზე საკუთარ ანგარიშს მარტში გამოაქვეყნებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ დელეგაციის წევრმა, ერთ-ერთმა თანამომხსენებელმა ნაიჯელ ნერმაგენმა განაცხადა. 

მისივე თქმით, კონკრეტულ ინციდენტებზე, რომელთაც ადგილი ჰქონდა სხვადასხვა თვითმმარველობებში, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა ამ საკითხებზე ინფორმაციას ინტენსიურად იღებენ.

"ოქტომბრის თავისუფალი არჩევნების შემდეგ საქართველოში სიტუაცია შეცვლილია. ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესებზე ჩვენ ვიღებთ ინტენსიურ ინფორმაციას და მარტის თვეში გაიმართება კონგრესის მორიგი სესია, სადაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებულ სიტუაციებზე ჩვენს ანგარიშს წარვადგენთ", - აღნიშნა ნაიჯელ ნერმაგენმა.

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაცია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით თბილისს გუშინ ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში ნაიჯელ ნერმაგენთან ერთად შედის ელენა ფილასაარი. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ისინი უკვე შეხვდნენ დედაქალაქის მერს გიგი უგულავასა და პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.