სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ნოე ქინქლაძე იმ პირთა ვინაობას არ ასახელებს, რომლებიც შემწეობას უკანონოდ იღებდნენ. როგორც დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, ამის უფლება კანონმდებლობით არ აქვს, რადგან ქონების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური.
მისთვის ასევე უცნობია, თუ რა კვალიფიკაციას მისცემს გამოძიება უმწეოთა ბაზაში გამოვლენილ დარღვევებს და რა პასუხისმგებლობა დაეკისრებათ აღნიშნულ პირებს.
ნოე ქინქლაძემ განმარტა, რომ უმწეოთა ბაზა რამდენიმე წლის განმავლობაში არ გადამოწმებულა და იქ იყვნენ პირებიც, რომლებსაც საარსებო შემწეობა დანიშნული ჰქონდათ 2008-2009 წლებში.
სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ დარღვევები გადაეგზავნება შესაბამის ორგანოებს გამოსაძიებლად და თუ დადგინდება, რომ რომელიმე პირისთვის შემწეობის შეჩერება, ან შეწყვეტა მოხდა არასწორად, ეს გამოსწორდება. მისივე თქმით, მოქალაქეს შეუძლია განცხადებით მიმართოს სააგენტოს მისი ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესწავლის მიზნით.
ამასთან, ბრიფინგზე სააგენტოს უმწეოთა ბაზის გადამოწმების შედეგად გამოვლენილ უზუსტობებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა კახა ძიმისტარიშვილმა. მან აღნიშნა, რომ კონტროლის გაზრდაა საჭირო, რათა მსგავსი ტიპის ხარვეზები აღარ გაჩნდეს და ოჯახისთვის უმწეოთა სტატუსის მინიჭება არ იყოს დამოკიდებული სხვადასხვა გარემოებებზე.
ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ უმწეოთა კრიტერიუმების შეცვლა არ იგეგმება.
დღეისთვის უმწეოთა ბაზაშია 300 000-მდე სოციალური შემწეობის მიმღები და 200 000 სამედიცინო დაზღვევის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახი. იმ პირებს, რომლებსაც შეუჩერდათ შემწეობის მიღება, სადაზღვევო პოლისის მოქმედება არ შეუჩერდებათ.
უმზეოთა ბაზის გადამოწმების შედეგად, 5935 ოჯახს შემწეობა შეუჩერდა, 11 846 ოჯახს კი - შეუწყდა.