რადიო

რადიო "თავისუფლება" -"ქართველების პროტესტი ჩინელების საქართველოში ყოფნის გამო იზრდება"

"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიურო საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით - "ქართველების პროტესტი ჩინელების საქართველოში ყოფნის გამო იზრდება" . როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს "ეროვნული ფრონტის" წარმომადგენლებმა აქცია გამართეს, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებდნენ თბილისში დაგეგმილ თავისუფალი ეკონომიკური ზონის გახსნას, რომელიც ჩინურ კომპანია Hualing Industry and Trade Group-ს ეკუთვნის. 

`აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ გასული წლის ზაფხულში ჩინურ კომპანიასა და საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას შორის ხელმოწერილი შეთანხმება საჯარო გახდეს და რომ ახალმა მთავრობამ შეზღუდვები დააწესოს საქართველოში ჩინელების შემოსვლაზე და მათ დასაქმებაზე~, - ნათქვამია "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, სინძიანში დაფუძნებული, კერძო კომპანია Hualing Group-ი საქართველოში 2006 წლიდან საქმიანობს და დასავლეთ საქართველოში მარმარილოს მოპოვებითა და ტყის საექსპლუატაციო სამუშაოებითაა დაკავებული.

"2009 წელს ჩინურმა კომპანიამ საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში – ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გახსნა. გასულ წელს კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან `ბაზის ბანკის~ 90%-იანი წილი შეიძინა დაახლოებით 100 მილიონ აშშ დოლარად", - ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში იგეგმება სასტუმროს, კომერციული სავაჭრო ცენტრების, ჩინელი მუშების დასახლების, საწყობების, სარეკრეაციო ზონისა და საბაჟო პოსტის მშენებლობა.

"რადიო თავისუფლება" წერს, რომ Hualing Group-ი ერთ-ერთია საქართველოში მოღვაწე რამდენიმე მსხვილ ჩინურ საინვესტიციო კომპანიას შორის. რადიოს ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლის ლიუ ბოს განცხადებაც მოჰყავს, რომლის მიხედვით Sichuan Electric Power Corporation-მა დასავლეთ საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში 34 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

"2011 წელს ავტონაწილების მწარმოებელმა Chong Qing Wan Li Lian Xing Group-მა მოიპოვა ლიცენზია სპილენძისა და ოქროს მოპოვებაზე მაშინ, როცა 2010 წელს ქართულ-ჩინურმა კონსორციუმმა მოიგო ტენდერი საქართველოს სარკინიგზო შემოვლითი გზის მშენებლობაზე", - ნათქვამია "რადიო თავისუფლების" ვერბგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისელების პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ საქართველოში ჩინელების დასაქმების რიცხვის გაზრდა ქართველების დაუსაქმებლობას გაზრდის. ოფიციალურად უმუშევართა რიცხვი 16%-ია, თუმცა ბევრის აზრით, ეს რიცხვი სულ მცირე ორჯერ მეტია.

"მიუხედავად ამისა, -- ლიუ ბოს განცხადებით, თბილისის ეკონომიკურ ზონასთან დაკავშირებით, გასულ წელს საქართველოში 2 ათასი ჩინელი მუშაობდა კონტრაქტით. მისივე თქმით, პროექტი დამატებით კიდევ 1 500 სამუშაო ადგილს შექმნის", - აღნიშნულია სტატიაში.

თუმცა, როგორც "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიურო წერს, რამდენიმე წლის განმავლობაში ქართული მედია და ცალკეული პოლიტიკოსები შეშფოთებას გამოთქვამდნენ ჩინელი იმიგრანტების საქართველოში შემოდინებაზე.