ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძის აზრით, პოლიტიკურმა მხარეებმა დიალოგისთვის ნიშა ჯერ ვერ მოძებნეს. როგორც სარჯველაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა , "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის საერთო ინტერესები გამოკვეთილი არ არის.
"როცა საჯარო ბიბლიოთეკასთან არეულობა იყო, ვთქვი, რომ ეს გახდებოდა დიალოგის საწინდარი. მაშინ პიკს მიაღწია ცემა-ტყეპამ და დაძაბულობამ და რამდენიმე დღეში ვნახეთ კიდეც, რომ მხარეები დიალოგზე გავიდნენ. ეტყობა ამ სიტუაციას სჭირდება ძალიან ბევრი დაძაბულობის პიკები. ვფიქრობ, შექმნილ საკმაოდ დაძაბულ სიტუაციასაც ექნება ერთგვარი განმუხტვა და მხარეები მოძებნიან სადიალოგო ნიშას. სადიალოგო ნიშა ჯერ მოძებნილი არაა, საერთო ინტერესები ვერ გამოიკვეთა. დიალოგისთვის და თანაცხოვრებისთვის საჭიროა საერთო ინტერესები. მიმაჩნია, რომ უარყოფითი სიტუაცაა შეიძლება გადავიდეს ვითარებაში, როცა მხარეებს შორის საერთო ინტერესების პირველი ნაპერწკალი გაჩნდება", - აღნიშნა სარჯველაძემ.
მისივე განმარტებით, მინუსური სიტუაციის გაპლუსება ხშირად ხდება.
"მინუსის გაპლუსება ხდება. მინუსის გაპლუსების ტექნოლოგიების მცოდნე ადამიანია სააკაშვილი და მით უმეტეს ივანიშვილი, რომელიც ამხელა ბიზნესს ატრიალებდა რუსეთში. მან იცის, როგორ გააპლუსოს მინუსური სიტუაცია, ამიტომ თუ კოჰაბიტაციის თვალსაზრისით ახლა მინუსური ვითარებაა, ვფიქრობ, შეიძლება ის პლუსურში გადავიდეს", - განაცხადა ფსიქოლოგმა.
აღნიშნულის მიუხედავად, სარჯველაძე ფიქრობს, რომ პოლიტიკური თანაცხოვრება მხარეებს შორის ნაწილობრივ მაინც არსებობს. რაც შეეხება არასტაბილურ სიტუაციას, მისი აზრით, უშუალოდ პრეზიდენტი სააკაშვილი "საკამათო ვითარებაში" თავს უფრო კარგად გრძნობს.
"კოჰაბიტაცია ერთგვარად შედგა. როცა არის კომუნიკაცია, რა სახისაც არ უნდა იყოს – კამათის, დებატების, დაპირისპირების სახის, ეს ნიშნავს, რომ მხარეებს ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ, მართალია მწვავე ფორმით, მაგრამ მაინც აქვთ. ურთიერთობის ყველაზე ცუდი ფორმა არის სრული იგნორირება, როცა მხარეები არ ურთიერთობენ, არც კი კამათობენ. მაშინ კოჰაბიტაციის ხარისხი ნულოვანია. ჩვენთან რაღაც დონით მხარეები კომუნიცირებენ _ იქ ერთმანეთს შეხვდნენ, იქ პრემიერმა პრეზიდენტს მიმართვა გაუგზავნა. ნაწილობრივ თანხვედრაშიც არიან – პრეზიდენტიც მზადაა საკონსტიტუციო ცვლილებებზე წავიდეს, თუკი რამდენიმე საკითხი იქნება გათვალისწინებული. ასე რომ, თუნდაც ნაწილობრივი თანხვედრა არსებობს, მაგრამ ბუნებრივია, ეს ხდება დაძაბულობის კონტექსტში. აქ ალბათ უნდა გამოვიდეთ უფრო იქედან, რომ თვითონ სააკაშვილის ხასიათია ასეთი - ადრენალინის გამოყოფა სჭირდება და დაძაბულ, კრიტიკულ სიტუაციებში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. ჩვეულებრივ სიტუაციებს მას ურჩევნია საკამათო სიტუაციები – კარგად გრძნობს თავს. მისი ცხოვრების მთელი გენერალური ხაზი ასეთია", - განმარტა ნოდარ სარჯველაძემ.