საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და საქართველოს სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დანაშაულის პრევენციისა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, დღეს უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები იღებენ ვალდებულებას, მსჯავრდებულთა მონაწილეობით, მათი ასაკისა და საჭიროებების გათვალისწინებით, საქართველოს მასშტაბით, განახორციელონ სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემეცნებითი და ახალგაზრდული პროექტები.
მემორანდუმით ასევე გათვალისწინებულია, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში მოღვაწე, გამოჩენილ პირებთან მსჯავრდებულების შეხვედრები.
სამინისტროს ცნობით, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მსჯავრდებულთა შორის, ერთ–ერთი ხელშემწყობი ფაქტორია სრულფასოვანი რესოციალიზაციისათვის და მათი შესაძლებლობების გამოსავლენად.
მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტროებს შორის განისაზღვრა შემდგომი ერთობლივი საქმიანობის კონკრეტული სამოქმედო გეგმა.