თბილისის მერი გიგი უგულავა ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა .
როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ორგანოთა კონგრესი წევრ სახელმწიფოებში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის პრინციპებთან შესაბამისობის მონიტორინგს ახორციელებს.
მერიის ცნობით, ამჟამად მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში ადგილობრივი და რეგიონალური დემოკრატიის შესახებ ანგარიშზე მუშაობენ, რომლის წინასწარი ვარიანტი უკვე შედგენილია. ანგარიშის მომზადების პროცესში 2012 წლის ზაფხულში მონიტორინგის კომისიის წევრები საქართველოში იმყოფებოდნენ, თუმცა ბოლო დროს ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით, განვითარებული მოვლენების ფონზე, 27-28 თებერვალს განმეორებითი ვიზიტი დაიგეგმა.
ანგარიშის ამჟამინდელ ვარიანტში, რომლის ძირითადი ნაწილი ოქტომბრის არჩევნებამდე მომზადდა, გაანალიზებულია ბოლო წლებში თვითმმართველობის სფეროში განხორციელებული რეფორმები.
მერიის ცნობით, არჩევნების შემდეგ პერიოდში ანგარიშს დაემატა ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში აღინიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩეულ წარმომადგენლებზე ზეწოლა. შედეგად, რამდენიმე წევრი გადადგა თანამდებობიდან, ხოლო ნაწილმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეიცვალა პარტიული კუთვნილება, რის გამოც საფრთხის ქვეშ დადგა ადგილობრივი თვითმმართველობა.
ანგარიშის ბოლო ვარიანტი წარდგენილი იქნება 2013 წლის 19 მარტს ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის პლენარულ სესიაზე.