ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ განმარტა, თუ რატომ შეუჩერდა შემწეობა 5 935 ოჯახს, 11 846 ოჯახს კი - შეუწყდა . როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოე ქინქლაძემ განაცხადა, ბოლო დროს გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია უმწეოთათვის საარსებო შემწეობის შეწყვეტის და შეჩერების ფაქტმა. მისი თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტომ აწარმოა დაკვირვება, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა, რომ ბაზაში უმწეოთა რაოდენობის ზრდა უკავშირდებოდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, კერძოდ არჩევნებს.
მისივე თქმით, 2010 წლის მთავრობის 126-ე დადგენილების თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან, შემოსავლების სამსახურიდან და საჯარო რეესტრიდან.
აღნიშნული დადგენილების მოთხოვნით და ბაზების შედარების საფუძველზე, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, საარსებო შემწეობის მიღება შეეჩერებინა 5935 ოჯახისთვის, 11 846 ოჯახისათვის კი - შეეწყვიტა.
ქინქლაძის თქმით, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ბენეფიციარებს შორის, 50 000 ლარზე მეტი წლიური შემოსავალი დაუფიქსირდა 32 ოჯახს, 40-დან 50 ათასამდე ლარზე მეტი - 31 ოჯახს, 20-დან 40 ათასამდე - 392 ოჯახს, 10-დან 20 ათასამდე - 2363 ოჯახს, 5-დან 10 000-მდე კი - 6 147 ოჯახს.
როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. უმწეოებს უფიქსირდებოდათ ბოლო წლებში გამოშვებული ძვირადღირებული ავტომობილები. მათ შორის 2011 წლის "ლექსუსი" და "ტოიოტა ლენდ-კრუიზერი". მისივე თქმით, საჯარო რეესტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ ბაზაში არსებობს ე.წ. უმწეო, რომელსაც უფიქსირდებოდა, რომ ათეულობით ბინის იპოთეკარია. ქინქლაძის ცნობით, შემწეობის თანხას იღებდნენ სხვადასხვა უწყებების თანამშრომლები - კერძოდ პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატი, მუნიციპალიტეტების, თბილისის მერიის სამსახურებისა და ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომლები.
ამასთან, ნოე ქიქლაძის განცხადებით, ამ დღეებში სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა არაერთმა მოქალაქემ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია და რეალურად მათ მიერ აღებული ხელფასის სახით აღებული თანხა არ ემთხვევა ერთმანეთს. ქინქლაძის თქმით, მაგალითად, "თბილსერვისში" მომუშავე ერთ-ერთი ქალის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან და შემოსავლების სამსახურის მონაცემები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. მისი თქმით, ყველა საქმეები გამოძიებისათვის შესაბამის უწყებებს გადაეცემა.