რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, შოთა მურღულიამ რეგიონში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს გააცნო.
სამინისტროს ინფორმაციით, შოთა მურღულიამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის კრიტერიუმებსა და დაფინანსების მისაღებად გასავლელი პროცედურების შესახებ იმერეთის მხარის გუბერნატორთან, გამგებლებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
უწყების ინფორმაციით, 2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რაც ამავე ფონდისთვის 2012 წელს გამოყოფილ თანხაზე 140 მილიონით მეტია. ფონდიდან დაფინანსება გამოიყოფა წყლის სისტემების, ხიდების, გზების, გარე განათების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის ფონდიდან დაფინანსების მისაღებად პროექტების წარდგენის უფლება აქვთ როგორც თვითმმართველ ერთეულს (მუნიციპალიტეტს), ისე სახელმწიფო რწმუნებულს. პროექტის ინიცირების შემთხვევაში, აუცილებელია, რომ გადაწყვეტილება აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით (მათ შორის, რეგიონულ პროექტზეც) მიღებული ჰქონდეს საკრებულოს. პროექტის საჯარო განხილვა აუცილებლად უნდა მოხდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან.
პროექტების მიღება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უკვე დაწყებულია და მათი მიღება 11 მარტს, 16:00 საათზე შეწყდება.