მიხეილ სააკაშვილი - მე რომ ზურაბ ადეიშვილის ადგილზე ვყოფილიყავი, ქვეყნიდან არ წავიდოდი

მიხეილ სააკაშვილი - მე რომ ზურაბ ადეიშვილის ადგილზე ვყოფილიყავი, ქვეყნიდან არ წავიდოდი

მე რომ ზურაბ ადეიშვილის ადგილზე ვყოფილიყავი, ქვეყნიდან არ წავიდოდი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "აქცენტებში" საუბრისას განაცხადა. 

მისივე განმარტებით, ამ პოზიციის მიუხედავად ფიქრობს, რომ ადეიშვილი იმ ქმედებას, რასაც მის მიმართ ახალი მთავრობა ახორციელებს, არ იმსახურებს.

"ჩემი აზრით, მას ქვეყანა არ უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ის ნამდვილად არ იმსახურებს იმას, რაც მის წინააღმდეგ ხდება. იუსტიციის სახლები მისი აშენებულია, ყვარლის, სიღნაღის რეაბილიტაცია - ბევრი პროექტი გაკეთდა უშუალოდ მისი მეთვალყურეობით. მე რომ ვყოფილიყავი ადეიშვილის ადგილზე, არ წავიდოდი ქვეყნიდან, თუმცა ძალიან კარგად ჩანს როგორი მიდგომაა მის მიმართ _ ადეიშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრა იმ პროკურორმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მოსამართლე და პროკურორი იყო – გატუტუცებულმა, გაქსუებულმა ადამიანმა, ერთ-ერთი პარლამენტის ოჯახის წევრმა. ადეიშვილი როგორ სახლშიც ცხოვრობდა "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ზუსტად იგივე სახლი აქვს, არაფერი მიუმატებია", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, ქვეყნის პირველი პირის ინფორმაციით, ადეიშვილს არანაირი შემოსავალი არ აქვს არც იქ, სადაც ახლა იმყოფება.

"მას არსად არანაირი საბანკო ანგარიში არ ჰქონდა. ძალიან კარგად ვიცი, რომ არანაირი შემოსავალი არ აქვს იქაც, სადაც წავიდა, თუმცა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მისთვის სამსახურის შოვნა, რადგან მაღალი კვალიფიკაციის ადამიანია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, ადეიშვილი არჩევნების შემდეგ საქართველოს დატოვებას "ისედაც აპირებდა", რის შესახებაც მისთვისაც უთქვამს.