„დაამტკიცონ, რომ ჩემს შვილს იარაღი ჰქონდა“ - სოსო რობაქიძე

„დაამტკიცონ, რომ ჩემს შვილს იარაღი ჰქონდა“ - სოსო რობაქიძე

ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე ტელეკომპანია „რუსთავი2“-ში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით ამბობს, რომ „ის, რაც გურამ დონაძემ დაამონტაჟა სასწრაფოდ გამოასწორონ, თორემ კადრები ექსპერტიზაზე გაიგზავნება“.

როგორც სოსო რობაქიძემ „ინფო9“-ს განუცხადა, მას აინტერსებს, სად ჰქონდათ ამდენი წლის განმავლობაში აღნიშნული კადრები. „დაამტკიცონ, რომ ჩემს შვილს იარაღი ჰქონდა“, - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა დღეს ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით, დაუმონტაჟებელია და 2004 წელს ბუტა რობაქიძის მკვლელობის გარემოებებს ასახავს. „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, აღნიშნული ვიდეომასალა საქმეზე ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ პროკურატურაში მიიტანა. კადრები მძიმე საყურებელია. ვიდეოში ისმის გასროლის ხმაც, სავარუდოდ, სწორედ ამ ტყვიამ იმსხვერპლა ბუტა რობაქიძე. კადრებში ასევე გარკვევით ჩანან მიწაზე დაწვენილი ახალგაზრდები, რომელიც პატრულის მიერ გაჩერებულ ავტომანქანაში რობაქიძესთან ერთად იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, კადრებში ჩანს ბუტა რობაქიძეც, რომელსაც ტყვია უკვე მოხვედრილი აქვს. ამასთან, ვიდეომასალაში ისმის როგორ ეუბნება პატრული ოპერატორს გადაიღოს მანქანაში აღმოჩენილი იარაღი და კადრშიც ჩანს, იარაღი, რომელიც ავტომობილის წინა სავარძლის ქვევითაა განთავსებული.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე სასამართლო სხდომა უკვე გაიმართა. საქმეზე დაიჭირეს და მოგვიანებით გირაოთი გაათავისუფლეს სხვა პირებთან ერთად, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი გურამ დონაძე. სწორედ დონაძეს ბრალდება ოპერატორისთვის მითითებების მიცემა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მიტანილი იარაღის გადაღებისას. პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, 2004 წლის 24 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის ღამეს, პატრულის თანამშრომელმა გიორგი ბაშალეიშვილმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ბუტა რობაქიძე, ხოლო მისი თანმხლები ახალგაზრდები ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ყალბი ბრალდებით მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობისთანავე შემთხვევის ადგილზე მივიდნენ - თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლი - ზურაბ მიქაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი - გურამ დონაძე, თბილისის ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი - დავით იაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი - ირაკლი ფირცხალავა, ამავე პოლიციის მე-3-ე განყოფილების უფროსი - ალექსანდრე გვაზავა , ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი - ლევან გვაზავა და თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი - ზაზა ბაქრაძე. მათ აღმოაჩინეს, რომ დაკავებულებს არ გააჩნდათ არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ზურაბ მიქაძემ, ზაზა ბაქრაძემ, გურამ დონაძემ, ირაკლი ფირცხალავამ, დავით იაშვილმა და ალექსანდრე გვაზავამ გადაწყვიტეს ცეცხლსასროლი იარაღების შემთხვევის ადგილზე მიტანა და ჩალაგება, რათა საზოგადოებისათვის მიეწოდებინათ ცრუ ინფორმაცია, თითქოს ბუტა რობაქიძის მკვლელობა კრიმინალური ჯგუფის გასანეიტრალებლად მოხდა. სწორედ ამიტომაც მკვლელობა მის ლიკვიდაციად მოინათლა. ზურაბ მიქაძემ და ზაზა ბაქრაძემ შემთხვევის ადგილზე მიიტანეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები გადაუნაწილეს გარდაცვლილ ბუტა რობაქიძეს და მის მეგობრებს. ამის შემდე კი, პროკურატუსი ცნობით, გურამ დონაძის მითითებით და ინსტრუქტაჟით, წინასწარ მომზადებული შემთხვევის ადგილი გადაიღეს დონაძეს დაქვემდებარებული სამსახურის ოპერატორის ვიდეოკამერით და ამგვარად მოპოვებული მასალა გაავრცელეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.