ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა

ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა. კადრები დღესვე 

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, სადაც, როგორც ტელეკომპანია აცხადებს, ჩანს, თუ რა მოხდა 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან.

კადრების მიხედვით, სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე პოულობენ ავტომატ "კალაშნიკოვს" და პისტოლეტს.
ირაკლი ფირცხალავა პროკურატურაში იმყოფება და აპირებს, აღნიშნული ვიდეომასალა მთავარ პროკურატურას გადასცეს. აღსანიშნავია, რომ ეს კადრები არ არის სრული ვერსია, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ მოიპოვა.

როგორც ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, მის მიერ ჩატარებული გამოძიების დროს მან დაადგინა, რომ ამ მანქანაში მჯდომი ადამიანებიდან არც ერთი არ იყო ბუტა რობაქიძის მეგობარი, მხოლოდ ერთი იყო ნაცნობი. "ბუტა რობაქიძე შემთხვევით არის მოხვედრილი ამ მანქანაში. ეს მანქანა შუა დღეს "დინამოს" სტადიონთან მომხდარ ჩხუბში ფიგურირებდა, რა დროსაც ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე უნდა ყოფილიყო დაჭრილი და ეს მანქანა გადაცემული იყო დაკავებაზე",-განაცხადა ფირცხალავამ.

მისივე თქმით, მისთვის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებამდე, ზაფხულში გახდა ცნობილი, რომ არსებობდა კადრები და ვახტანგ კომახიძის სახელით, რაღაც ჯგუფი თბილისში აპირებდა სარფიანად გაეყიდათ ის, რაც გადაღებული იყო შემთხვევის ადგილზე.

"მე მოვიპოვე ეს კადრები. ეს არის უმძიმესი, საშინელი კადრები. ერთი ცალი ნივთმტკიცებად პროკურატურაში მოვიტანე. ეს კადრები მხოლოდ ჩემს შვილს აქვს ნანახი, რომელიც არის 21 წლის. ჩემს შვილსაც არ სჯეროდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ შეირაღებული",-განაცხადა ფირცხალავამ.

მისი თქმით, მისთვის არ არის ცნობილი, რატომ იცრუეს შემთხვევის ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა საქმის ხელახალი გამოძიების დაწყების შემდეგ, რომ მანქანაში იარაღი არ იყო.
ფირცხალავამ დასძინა, რომ ამ საქმის პროკურორებს აცილებას მისცემენ "თუ საერთოდ აზრი აქვს ამ საქმის გამოძიებას".