არასამთავრობოები პროფკავშირებთან ერთად პარლამენტისა და მთავრობისადმი მიმართვას ხელს მოაწერენ

არასამთავრობოები პროფკავშირებთან ერთად პარლამენტისა და მთავრობისადმი მიმართვას ხელს მოაწერენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პარლამენტისა და მთავრობისადმი ერთობლივ მიმართვას ხელს მოაწერენ , რომელიც შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს შეეხება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, პროფკავშირებში დღეს, 16:00 საათზე, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "ადამიანის უფლებათა ცენტრი", "მრავალეროვანი საქართველო", "საზოგადოებრივი დამცველი" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად ხელს მოაწერენ ერთობლივ მიმართვას საქართველოს პარლამენტისა და მთავრობისადმი.

მიმართვის ძირითადი ადრესატები არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი.

მიმართვა "საქართველოს შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებებს შეეხება.

ორგანიზაციები მიესალმებიან ,,საქართველოს შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებებს, რომელშიც გათვალისწინებულია როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შენიშვნები და რეკომენდაციები.

ამასთან, შრომის კოდექსის პროექტის მიმართ აღნიშნულ ორგანიზაციებს აქვთ შენიშვნები, იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც პროექტის მიხედვით რეგულირების მიღმა რჩება.