საპარლამენტო უმცირესობა გურამ მისაბიშვილმა დატოვა

საპარლამენტო უმცირესობა გურამ მისაბიშვილმა დატოვა

უმცირესობის რიგები კიდევ ერთი დეპუტატით შემცირდა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემადგენლობა ამჯერად სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სამეგრელოს ყოფილმა გუბერნატორმა გურამ მისაბიშვილმა დატოვა. 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხელმძღვანელმა ირინა იმერლიშვილმა "ინტერპრესნიუსს" დაუდასტურა, რომ მისაბიშვილმა განცხადება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - რეგიონების" შემადგენლობიდან გასვლის თაობაზე უკვე დაწერა. მისივე ცნობით, განცხადების თანახმად, მისაბიშვილი არც ერთ სხვა ფრაქციაში არ შედის და ამ ეტაპზე პარლამენტის დამოუკიდებელ წევრად რჩება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები" გურამ მისაბიშვილის ჩათვლით, სულ ექვსი დეპუტატისგან შედგება, რაც ფრაქციის არსებობისთვის საჭირო მინიმალური ოდენობაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" აღნიშნულ ფრაქციაში მისი რომელიმე წარმომადგენელი დროულად არ გადავა, "ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები", დაიშლება.