"ნესტლეს" ხორცპროდუქტებში ცხენის ხორცი აღმოჩნდა

საკვების მწარმოებელი უდიდესი შვედური კომპანია "ნესტლეს" ხორცპროდუქტებში ჩატარებული ანალიზის შედეგად, მასში ცხენის ხორცი აღმოჩნდა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. კომპანიის ინფორმაციით, ანალიზის შედეგად, იტალიისა და ესპანეთის სუპერმარკეტებიდან ამოიღეს საქონლის ხორცის ის ნახევარფაბრიკატები, რომელშიც ცხენის ხორცი აღმოჩნდა. 

ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ "ნესტლეს" პროდუქციაში ცხენის ხორცის შემცველობა მხოლოდ 1% იყო, თუმცა კომპანიამ მაინც მიიღო მათი გაყიდვიდან ამოღების გადაწყვეტილება.

"ბიბისის" ინფორმაციით, "ნესტლემ" გაყიდვიდან ამოიღო ორი სახის გაყინული პასტა – "რავიოლი" და "ტორტელინი". კომპანიის პრესმდივნის განცხადებით, ამოღებულ პროდუქტში აღმოჩენილ ცხენის ხორცს გერმანიიდან იძენდნენ. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში შემოწმდება საქონლის ხორცის შემცველობა სხვა პროდუქტებიც.

"ხორცის სკანდალი" ევროპაში რამდენიმე კვირის წინ აგორდა, როცა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ირლანდიაში, ესპანეთში, იტალიაში, რუმინეთში გაყინულ ნახევარფაბრიკატებში საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცი აღმოაჩინეს.