მერაბ ღოღობერიძე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსს ზეწოლაში ადანაშაულებს

მერაბ ღოღობერიძე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსს ზეწოლაში ადანაშაულებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი, მერაბ ღოღობერიძე ამტკიცებს , რომ აჭარის შსს საპატრულო პოლიციის უფროსმა, ჯონი ბაკურიძემ მასზე ზეწოლა განახორციელა. 

როგორც დღეს, ბათუმის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" გამართულ ბრიფინგზე მერაბ ღოღობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქუჩაში გადაადგილების დროს ჯონი ბაკურიძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ღოღობერიძის თქმით, ჯონი ბაკურიძე დაემუქრა, თუ ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტების დარბევის ფაქტთან დაკავშირებით მის სახელს და გვარს დაასახელებდა, მის ოჯახს ფიზიკურად გაუსწორდებოდა.

"დღეს დილის საათებში აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ჯონი ბაკურიძემ იმ დროს, როდესაც გადავაადგილდებოდი ქუჩაში გააჩერა ავტომანქანა, გადმოვიდა, მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩამჭიდა ხელი და ერთი-ორჯერ შემომარტყა. ასევე, განმიცხადა, თუ პროკურატურაში დავასახელებდი მის სახელ-გვარს და ვიტყოდი 2007 წლის 8 ნოემბერთან დაკავშირებით, ის პირადად გამისწორდებოდა და ჩემს ოჯახს გადახერხავდა. მივმართავ, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, დაუყოვნებლივ იქნას შესწავლილი აღნიშული ფაქტი", - აღნიშნა მერაბ ღოღობერიძემ.

როგორც ჯონი ბაკურიძემ ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, მერაბ ღოღობერიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ბაკურიძის თქმით, მან ღოღობერიძეს მოსთხოვა საჯაროდ ბოდიშის მოხდა, რადგანაც ის საერთოდ არ იმყოფებოდა სტუდენტების დარბევის დროს უნივერსიტეტში.

ჯონი ბაკურიძე წლების განმავლობაში აჭარის შსს საპატრულო პოლიციის უფროსი იყო. ბაკურიძე აღნიშნული თანამდებობიდან 2012 წლის 16 თებერვალს "ტელეარხი 25"-ის ჟურნალისტზე შეურაცხყოფის მიყენების გამო გაათავისუფლეს.