სამართალდამცველები გიგი უგულავას დასაკითხად მერიაში არ მივლენ

სამართალდამცველები გიგი უგულავას დასაკითხად მერიაში არ მივლენ

სამართალდამცველები 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ქალაქის მერის დასაკითხად მერიაში არ მივლენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები უმცირესობის წევრთა დასაკითხად არც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის "ოფისშიც მისვლას აპირებენ. "მისვლას არ ვაპირებთ, მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ, დაემორჩილონ კანონს და ითანამშრომლონ გამოძიებასთან", - აღნიშნა გიორგობიანმა.

თბილისის მერი გიგი უგულავა და საპარლამენტო უმცირესობის რამდენიმე დეპუტატი შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარა. კერძოდ, დაკითხვაზე დაბარებული არიან გიგი უგულავა, გიორგი კანდელაკი, ლევან ბეჟაშვილი და კობა ხაბაზი. კობა ხაბაზი დაკითხვაზე მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა, გიგი უგულავა კი სამართალდამცველებს კითხვებზე პასუხის გასაცემად თბილისის მერიაში ელოდება. ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გამოძიების შეკითხვებს პარტიის ცენტრალურ ოფისში უპასუხონ.