პრეზიდენტი: 30 წლის წინ, კონსტიტუციის მიღებით, ქართველმა ერმა განაახლა თავისუფალი, სუვერენული, დემოკრატიული და სამართლიანობის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფოს შენება!

პრეზიდენტი: 30 წლის წინ, კონსტიტუციის მიღებით, ქართველმა ერმა განაახლა თავისუფალი, სუვერენული, დემოკრატიული და სამართლიანობის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფოს შენება!

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის სიტყვა, კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

"მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მოწვეულ სტუმრებს, პირველ რიგში, მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე - 1995 წლის 24 აგვისტოს, ზუსტად 30 წლის წინ, საქართველოს პარლამენტმა პირველ, 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილებით თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დაფუძნების პროცესში უმთავრესი ნაბიჯი გადაიდგა! 

30 წლის წინ, კონსტიტუციის მიღებით, ქართველმა ერმა განაახლა თავისუფალი, სუვერენული, დემოკრატიული და სამართლიანობის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფოს შენება!

კონსტიტუცია ქვეყნის ძირითადი კანონი, უზენაესი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია, რომელიც ინდივიდის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ურთიერთობებს სამართლებრივად არეგულირებს. მკაფიოდ უზრუნველყოფს თავისუფლების, თანასწორობისა და წესრიგის ბალანსს, რისი საბოლოო მიზანიც თითოეული ადამიანისთვის უსაფრთხოების და კეთილდღეობისკენ სწრაფვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფაა. 

ჩვენი ხალხისთვის, ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტი ერთიანობის, ურთიერთნდობის, ერთმანეთისა და ქვეყნის სიყვარულის სიმბოლოა, რომელიც ისტორიულ გამოცდილებას, კულტურულ ფასეულობებს, უკეთესი მომავლის რწმენასა და სახელმწიფოს შენების სურვილს ეფუძნება! 

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჩვენი კონსტიტუციის პრეამბულა, რომელიც დასაწყისშივე აცხადებს ღვთისა და ქვეყნის წინაშე, ჩვენი ერის ღირებულებებსა და მიზნებს, რომელთა გარშემოც თითოეული ქართველია გაერთიანებული. 

დღეს, 30 წლის შემდეგ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამძაფრებული შიდა და გარე გამოწვევების ფონზე, კარგად უნდა გავიაზროთ ის თითოეული ცნება, თითოეული ღირებულება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული!

 ჩვენი ხალხის სურვილს, იცხოვროს დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში, უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და ასევე ჩვენს მიზანს - განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, გარკვეული ძალები ეწინააღმდეგებიან.

სწორედ ამიტომ, უნდა გვესმოდეს რომ თუ ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს ბოლომდე არ დავიცავთ, დავკარგავთ ყველაფერს, რადგანაც თანამედროვე საქართველოს ერთგვარი ქვაკუთხედი, სწორედ ის პრინციპებია, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ასახული! 

კარგად გვახსოვს, რომ ბოლო წლებში, გამძაფრებული ზეწოლის ფონზე, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, უამრავი უსამართლო, საქართველოს ინტერესების დამაზიანებელი მოთხოვნა გაჩნდა. აღნიშნული ზეწოლის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი სწორედ ჩვენი კონსტიტუცია და მასში ასახული ნორმები გახდა, რომელიც ჩანასახშივე გამორიცხავდა სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი უსამართლო მოთხოვნის შესრულებას!

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს. ის რამდენიმე წლის წინ, სათავეში ჩაუდგა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და მაღალი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით შეძლო, რომ დღეს ჩვენ გვქონოდა კონსტიტუცია, რომელიც ერთი მხრივ, კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ემყარება, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ პროცესში მონაწილე თითოეულ პირს.

ჩვენი ვალდებულებაა - მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ, არავის მივცეთ ჩვენი კონსტიტუციის უგულებელყოფის შესაძლებლობა. სწორედ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტი, საქართველოს კონსტიტუცია არის სუვერენიტეტის განმტკიცების, ქვეყანაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და წესრიგის, სამართლიანობის უზრუნველყოფის უმთავრესი გარანტი!

კიდევ ერთხელ, დიდი სიამაყით გილოცავთ დღევანდელ დღეს!

ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს და თქვენი მფარველი!"