"ნაციონალური მოძრაობა" სამართალდამცავებს საკუთარ ოფისში ელოდება

"ნაციონალური მოძრაობა" სამართალდამცავებს შეკითხვებზე პასუხის გასაცემად საკუთარ ოფისში ელოდება. აღნიშნული განცხადება პარლამენტარმა ლევან ბეჟაშვილმა დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი ინფორმაციით, სამართალდამცველები უმცირესობის წევრებს მუქარის შემცველ წერილებს უგზავნიან.

"იმის ნაცვლად, რომ გამოიხატოს სურვილი სამართალდამცავების მხრიდან ამ საქმის ობიექტური გამოძიებისა და თანამშრომლობის, დღეიდან დაიწყო უმცირესობის წევრებისა და დაზარალებული მოქლაქეებისთვის მუქარის წერილების გაგზავნა პოლიციის მიერ. ერთ-ერთი ასეთი ნიმუში მე ხელთ მაქვს. წერილში პარლამენტის წევრებს ემუქრებიან, რომ მათი იძულებით მიყვანა მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებებში თუ არ გამოცხადდებიან, ემუქრებიან ფულადი ჯარიმებით და ა.შ. რაც ბუნებრივია ჩვენს აღშფოთებას იწვევს.

რვა თებერვლის ღონისძიების და ძალადობის დამკვეთების და შემსრულებლების გამოვლენა არის უშუალოდ ჩვენს ინტერესებში და მზად ვართ ნებისმიერ დროს მივცეთ კონკრეტული ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა 8 თებერვალს, ვინ ახორციელებდა ძალადობას. მზად ვართ მოვუსმინოთ სამართალდამცავების კონკრეტულ კითხვებს და გავცეთ კონკრეტული პასუხები. ვიტოვებ უფლებას, მოვთხოვოთ მათ უფრო მეტი თანამშრომლობა, უფრო მეტი კონსტრუქციულობა და შერჩევითი სამართალი არ უნდა ხორციელდებოდეს. ამ ფაქტთან მიმართებაშიც შერჩევითი სამართლის ფაქტები სახეზეა. მე გუშინდელ და გუშინწინდელ გადაწყვეტილებებს შევახსენებ საზოგადოებას. სამართალდამცავ ორგანოებს ველოდებით ჩვენს ოფისში. მოვუწოდებ, შეწყვიტონ ზეწოლა პარლამენტარებზე და მუქარის წერილებისა და მუქარის უწყისების გაგზავნა", - განცხადა ბეჟაშვილმა.