დავით უსუფაშვილი - ძალიან კარგი იყო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ადგილზე მივიდა, მაგრამ საჭიროა მეტი ზომები პრევენციისთვის

დავით უსუფაშვილი - ძალიან კარგი იყო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ადგილზე მივიდა, მაგრამ საჭიროა მეტი ზომები პრევენციისთვის

დარწმუნებული ვარ, რომ პოლიცია და მისი ხელმძღვანელები გამოიტანენ სათანადო დასკვნებს, რომ როგორც ჩანს, საწყის ეტაპზეა მისაღები ზომები და მსგავსი გართულებები თავიდან ასაცილებელი , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დღეს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, მეტი ზომებია საჭირო პრევენციისთვის. "ძალიან კარგი იყო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა იმ ადგილზე, ეს პოლიციის მოვალეობაა, მაგრამ ყველას მინდა მივმართო, რომ საჭიროა მეტი ზომები პრევენციისთვის. ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია და ის გამოიყენებს იმას, რომ ხალხი გაბრაზებულია და გამოიყენებს იმას, რომ საზოგადოება იმ დონემდეა მისული, ყველაფერზეა წამსვლელი. მოქალაქეებს მივმართავ, აღარ დავუშვათ მსგავსი ქმედება და არ მივცეთ საშუალება, გადაფაროს სხვა თემები, არ მივცეთ საშუალება, რომ გაექცეს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აკისრია და რომლის გაქცევასაც ცდილობს. სადაც არ უნდა მივიდეს, სადაც არ უნდა გამოჩნდეს, არ უნდა დავუშვათ კანონის დარღვევა. რაც მე კადრებში ვნახე, ეს იყო ამაზრზენი. ამისი არც მოთმენა შეიძლება, არც განმეორება შეიძლება და მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიცია და მისი ხელმძღვანელები გამოიტანენ სათანადო დასკვნებს, რომ როგორც ჩანს, საწყის ეტაპზეა მისაღები ზომები და საწყის ეტაპზეა მსგავსი გართულებები თავიდან ასაცილებელი. დღესვე, ამაღამვე, ხვალ დილასვე ვნახავთ, ვინ ჩაიდინა ეს ვანდალური ფაქტები", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, მან ნახა კადრები, როდესაც პარლამენტის წევრზე იყო შეხება და ჩიორა თაქთაქიშვილს სისხლის სდიოდა, რაც უსუფაშვილის შეფასებით, ყოვლად დაუშვებელია.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა არ ისარგებლეს იმ კორიდორით, რომელიც იყო დაცული სამართალდამცველების მხრიდან.
"ასე რომ, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ფორმალური ძალაუფლების ამარა დარჩენილ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც არაინირი პოლიტიკური გამოსავალი აღარ დარჩა, მიდის ყველაფერზე, რათა საკუთარ ახირებებს შესწიროს ქვეყანა. მე ძალიან მკაფიოდ მინდა ვუთხრა ყველას, მთავრობის წევრებსაც, პარლამენტის წევრებსაც, მოქალაქეებსაც, ვისაც სურს და მართლა დაინტერესებულია ქვეყნის უკეთესი მომავლით და იმით, რომ 2 წუთის გულის მოფხანვის გამო არ შესწიროს საკუთარი ქვეყანა, ნუ მივცემთ ამ ადამიანებს საშუალებას სხვა დღის წესრიგი შექმნან ქვეყანაში, რათა იმ პრობლემებს გაექცეს, რა პრობლემების გამოც ხალხმა უარი უთხრა ხელისუფლებაზე. მე ყველას მივმართავ, დავიცვათ კონსტიტუცია და ყველას, ვისაც გვაკისრია პოლიტიკური პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საქმეს", - განაცხადა უსუფაშვილმა.