თინა ხიდაშელი ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის

თინა ხიდაშელი ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მისვლას უპრეცედენტოს უწოდებს. 

"განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იქ მისვლისთვის შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. როცა ხელისუფლებისა და სპეცრაზმის წარმომადგენლები ჩვენ გვცემდნენ, არ მახსენდება შემთხვევა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს პროტესტი გამოეთქვა, პირიქით, მისი დავალების ფარგლებში გვცემდნენ. ამიტომ, უპრეცედენტო იყო ის, რომ სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი პირადად მივიდა", - აღნიშნა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, სამართალდამცავებმა მოსახლეობაზე ხელი არ აღმართეს და შუაში იდგნენ იმისთვის, რომ იქ რაიმე მძიმე მოვლენები არ განვითარებულიყო. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საზოგადოებას შეუძლია ძალიან ბევრი განსხვავება ნახოს იმ მოვლენებს შორის, რაც დღეს მოხდა და რაც ცხრა წლის განმავლობაში ხდებოდა. 

"ძალიან სამწუხაროა, რაც ხდება. ამას შეუძლებელია განსხვავებული შეფასება მიეცეს. ჩვენ ვთხოვდით საზოგადებას, რომ ამ კაცისთვის ბოლო ჯერზე ერთი ჩვეულებრივი გამოსვლის უფლება მიეცათ. ვფიქრობ, რომ შესაძლებლობიდან გამოდინარე, პოლიციამ მაინც მოახერხა, რომ განსაკუთრებული მძიმე შედეგი არ ყოფილიყო. სამწუხაროა, რომ ცხრაწლიანი მმართველობის გამო, აღშფოთებულმა და გაბრაზებულმა მოსახლეობამ, ამ ადამიანების მიმართ ფიზიკურად გაიწია", - დასძინა მან.