ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში ზურაბ მიქაძის გარდა, შსს-ს კიდევ 6 თანამშრომელია ბრალდებული

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში ზურაბ მიქაძის გარდა, შსს-ს კიდევ 6 თანამშრომელია ბრალდებული

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ზურაბ მიქაძის გარდა, ბრალდებული არიან შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსიUგურამ დონაძე, ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით იაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა, ამავე პოლიციის მესამე განყოფილების ყოფილი უფროსი ალექსანდრე გვაზავა, თბილისის შს მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ლევან გვაზავა და თბილისის შს მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა ბაქრაძე.

აღნიშნულ საქმეში მათი ბრალეულობის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს დღეს მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ გააცნო.

"ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეს ქართული საზოგადოება კარგად იცნობს. დადგენილია, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის ღამეს, პატრულის თანამშრომელმა გიორგი ბაშალეიშვილმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ბუტა რობაქიძე, ხოლო ბუტა რობაქიძის თანმხლები ახალგაზრდები ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ყალბი ბრალდებით მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

2005 წლის 29 დეკემბერს უდანაშაულო ახალგაზრდების მიმართ ყალბი ბრალდებით შედგენილი სისხლის სამართლის საქმე გადაიგზავნა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც საქმე 7 წლის განმავლობაში არ განიხილა და საბოლოოდ ახალგაზრდები ბრალდებისაგან მხოლოდ მას შემდეგ გათავისუფლდნენ, როდესაც საქართველოს პროკურატურის ახალმა ხელმძღვანელობამ 2012 წლის დეკემბრში ახალგაზრდებს ბრალი მოუხსნა.

აღნიშნულის პარალელურად, 2006 წლის 15 აგვისტოს თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მტკიცებულებათა გაყალბების ფაქტზე. საქმის აღძვრა იმთავითვე ატარებდა ფორმალურ, თავლთმაქცურ ხასიათს, გამიზნული იყო გარდაცვლილის ოჯახის წევრთა თვალის ასახვევად და საზოგადოებრივი პროტესტის ჩასაცხრობად. ამის დასტურია ის, რომ საქმის აღძვრის შემდეგ საქმე თაროზე შემოდეს და 6 წლის მანძილზე არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაატარეს.

2012 წლის 12 ნოემბერს გამოძიება განახლდა. დადგინდა, რომ ამ ტრაგიკული შემთხვევის გამოძიება მიკერძოებული და არაობიექტური იყო. გამოძიება ცდილობდა არა რეალური სურათის დადგენას, არამედ არსებული ხელისუფლების სურვილის დაკმაყოფილებას, რათა არ მომხდარიყო საპატრულო პოლიციის იმიჯის შელახვა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობისთანავე შემთხვევის ადგილზე მივიდნენ: თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლი - ზურაბ მიქაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი - გურამ დონაძე, თბილისის ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი - დავით იაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი - ირაკლი ფირცხალავა, ამავე პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსი - ალექსანდრე გვაზავა, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი - ლევან გვაზავა და თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი - ზაზა ბაქრაძე.

აღმოაჩინეს რა, რომ დაკავებულებს არ გააჩნდათ არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ზურაბ მიქაძემ, ზაზა ბაქრაძემ, გურამ დონაძემ, ირაკლი ფირცხალავამ, დავით იაშვილმა და ალექსანდრე გვაზავამ გადაწყვიტეს ცეცხლსასროლი იარაღების შემთხვევის ადგილზე მიტანა და ჩალაგება, რათა საზოგადოებისათვის მიეწოდებინათ ცრუ ინფორმაცია, თითქოს ბუტა რობაქიძის მკვლელობა კრიმინალური ჯგუფის გასანეიტრალებლად მოხდა. სწორედ ამიტომაც ბუტა რობაქიძის მკვლელობა მის ლიკვიდაციად მოინათლა. ზურაბ მიქაძემ და ზაზა ბაქრაძემ შემთხვევის ადგილზე მიიტანეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები გადაუნაწილეს გარდაცვლილ ბუტა რობაქიძეს და მის მეგობრებს. ამის შემდეგ, გურამ დონაძის მითითებით და ინსტრუქტაჟით, წინასწარ მომზადებული შემთხვევის ადგილი გადაიღეს დონაძეს დაქვემდებარებული სამსახურის ოპერატორის ვიდეოკამერით და ამგვარად მოპოვებული მასალა გაავრცელეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

ზემოხსენებულ პირები ბრალდებული არიან თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყანებაში, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მდგომარეობით), 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (2006 წლის 26 აპრილამდე მდგომარეობით). ფირცხალავა ( 332 ის 1 და 3 ბ და გ), ალექსანდრე გვაზავა( 332 მუხლის 1 ნაწილი და მე-3 ბ და გ., გურამ დონაძე (332 მუხლის 1 და მე-3 ნაწილის ბ და გ), იაშვილი (332 ის 1 ნაწილი და მე-3 ნაწილის ბ და გ ), ბაქრაძე ( 332 მუხლის მე-3 ნაწილი ბ და გ და 236 მუხლის 1 და მე-4 ნაწილის ა პუნქტი)", - განაცხადა პაიჭაძემ.

მისივე თქმით, ხსენებულ საქმეზე გამოძიება გრძელდება და საქართველოს მთავარი პროკურატურა პროკურატურის მუშაკთა და სასამართლო ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა ვინაობას, რომლებიც ამათუიმ დოზით მონაწილეობდნენ გამოძიების არასწორი მიმართულებით წარმართვასა და დაუსაბუთებელი ბრალდებით სასამართლოში შეტანილი სისხლის სამართლის საქმის განხილვის გაჭიანურებაში, საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს.