დემოკრატიისფერი დიქტატურა (ნაწილი I)

დემოკრატიისფერი დიქტატურა (ნაწილი I)

დემოკრატია 2500 წელზე მეტს ითვლის. 

ყველაზე მარტივად, დემოკრატია შეიძლება აიხსნას, როგორც ხალხის, ანუ – მრავალთა, მმართველობა. 

ხალხი ირჩევს მმართველებს, რომლებიც მართავენ ქვეყანას, მაგრამ ანგარიშვალდებულები არიან ხალხის მიმართ და ხალხს აქვს უფლება ისინი გადაირჩიოს. 

ხალხს ასევე უფლება აქვს შეიკრიბოს, გამოთქვას აზრი და გაიგოს ახალი ამბები, დაუსვას შეკითხვა მმართველს და მიიღოს პასუხი, გაასაჩივროს უსამართლობა და დაიცვას თავისი თავი თავისუფალ სასამართლოში, რომელიც მმართველს არ უნდა ემორჩილებოდეს, ჰყავდეს არჩეული რჩეულნი (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით), რომლებიც მის ინტერესებს დაიცავენ და კანონებს მიიღებენ… 

მოკლედ, სათქმელად ისეთი მარტივია ეს ყველაფერი, რომ ცრემლები მოგადგება კაცს თვალზე… 

საბერძნეთსა და რომში ლამის ხუთსაუკუნოვანი არსებობის შემდეგ დემოკრატია დროებით მიიცვალა და ისევ მონარქიამ და დიქტატურამ შეცვალა, რათა 15 საუკუნის შემდეგ თანდათანობით ისევ დაბრუნებულიყო. 

ამჟამად ითვლება, რომ მსოფლიოში დემოკრატია მმართველობის გაბატონებული ფორმაა და 180 ქვეყნიდან 90-მდე თავისუფალი დემოკრატიული მმართველობის რეჟიმში ცხოვრობს, 50-მდე – ნაწილობრივ დემოკრატიულია, ხოლო 40 – არადემოკრატიული. 

საქართველო – მიხეილ სააკაშვილს და ეკა ხერხეულიძეს რომ ჰკითხოთ, თანამედროვე მსოფლიოში დემოკრატიის წინა ფლანგზეა… ამის შემდეგ გონიერი ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ ზემოთდასახელებული სუბიექტებისათვის რაიმეს კითხვას აზრი არ აქვს. 

ძველ დროში დიქტატორები ბატონობდნენ. 

დიქტატორების კიდევ უფრო ცუდი ვარიანტი ტირანია იყო.  

დიქტატორი კანონიერად იყო დიქტატორი. ყველაფრის უფლება კანონით ჰქონდა მინიჭებული 

ტირანი უკანონო იყო. უკანონოდ მოდიოდა და უკანონოდ მართავდა. ის თავად იყო კანონი. 

თუმცა ზოგიერთი დიქტატორიც აცხადებდა – კანონი მე ვარო! ანუ, ყველა კანონი მანამდე არსებობს, სანამ მე ასე მინდა, როგორც კი მოვინდომებ, ნებისმიერ კანონს გავაუქმებ და ნებისმიერ კანონის შემოვიღებო. 

როდესაც დიქტატორები არსებობდნენ. ყველამ იცოდა, რომ დიქტატურის მოშორების ერთადერთი ძალა რევოლუცია იყო. 

როდესაც ტირანები არსებობდნენ, ყველა ხვდებოდა, რომ ტირანის მოცილების ერთადერთი საშუალება მისი მოკვლა იყო. თან რაც უფრო სისხლიანი იყო ტირანი, მით უფრო სისხლიანად იცილებდნენ თავიდან, რომ ამით ტირანიის გამეორების საფრთხე შემცირებულიყო და ყველას ტირანს სცოდნოდა თავისი შეუზღუდავი მმართველობის ბოლო პუნქტი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ადამიანთა უმრავლესობა სხვის შეცდომებზე ვერ სწავლობს… 

საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოსახლეობას აქვს არჩევის უფლება. 

ფაქტორი 1: ამომრჩევლები 

სინამდვილეში ყველამ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს – დაახლოებით 1,5 მილიონ ადამიანს ამ უფლების გამოყენება შეზღუდული აქვს ობიექტური მიზეზების გამო – რადგან გარედან პროვოცირებული და შიგნიდან არაპრევენცირებული ეთნოკონფლიქტების და სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, ასევე – სამშობლოში გაუსაძლისი საცხოვრებელი თუ პოლიტიკური პირობების გამო ისინი ემიგრაციაში ცხოვრობენ. მართალია, თეორიულად მათ აქვთ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოებში ხმის მიცემის უფლება, მაგრამ ყველასათვის გასაგებია, რომ ამ უფლებას საზღვარგარეთ მაცხოვრებელ მოქალაქეთა მცირე ნაწილი თუ იყენებს. 

სამაგიეროდ, საქართველოს სვებედნიერი ხელისუფლება, უცხოეთში მყოფ თანამოქალაქეებს გული რომ არ დაწყვიტოს, პრობლემის გადაწყვეტას იმით ახერხებს, რომ ამომრჩეველთა სიაში საერთოდ არ აფიქსირებს ქვეყნიდან ემიგრირებულთა უმრავლესობას. აბსოლუტურად აბსურდული სიტუაციაა, როცა ყველამ ვიცით, როგორ იზრდება ყოველ წელს საზღვარგარეთ წასულ ჩვენს ახლობლების და მეზობლების რაოდენობა, როგორ იცლება სოფლები და ქალაქები, ხოლო ამის პარალელურად, საქართველოს ამომრჩეველთა სია სულ უფრო იზრდება და უკვე არსებობს რაიონები,სადაც 18 წელზე მეტი ასაკის ამომრჩეველთა რაოდენობა იქ მაცხოვრებელთა რაოდენობას აჭარბებს! 

დასკვნა – საქართველოს ამომრჩეველთა სიაში ძალიან დიდია ე.წ. მკვდარი სულების ოდენობა,რომელთა დამალვის სურვილი იმდენად დიდია, რომ საქართველოს უარი თქვა 2010 წელს ჩაეტარებინა მოსახლეობის მორიგი საყოველთაო აღრიცხვა, რადგან მაშინ დაფიქსირდებოდა, რომ არ შეიძლება 3,5 მილიონი ამომრჩეველი ცხოვრობდეს იმ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის საერთო რაოდენობა, უკვე, ექსპერტთა აზრით, 3,5 მილიონიც კი არ არის. სავარაუდოდ, ციფრი ”3,5 მილიონი” ამომრჩეველთა რეალურ რაოდენობაზე 500,000-700,000-ით მეტია! სწორედ ეს დამალული მკვდარი სულები (რაც ამომრჩეველთა საერთო ხმების 15-20%-ია!) უზრუნველყოფენ ნაციონალურ მოძრაობის არადემოკრატიულ მოგებას არადემოკრატიულ არჩევნებში. 

იმ ამომრჩეველთა მიმართ, რომლებიც ადგილზე ცხოვრობენ გამოიყენება საქართველოს ხელისუფლების მიერ აპრობირებული მეთოდები, რომლებსაც დემოკრატიასთან არაფერი საერთო აქვთ, მაგრამ ფსევდოდემოკრატიის ვარდისფერი იმიჯის შექმნას მშვენივრად ახდენენ. 

1) ბიუჯეტიდან აღებული სახსრების ხარჯზე სახლმმართველობის პირების, უბნის ზედამხედველების და სხვა ტიპის ”აქტივისტების” დაფინანსება, რათა მათ მოახდინონ მაცხოვრებელთა საარჩევნო სიმპათიების ”გამოვლენა”. ამავე საქმიანობაში ჩართული არიან სკოლების მასწავლებლები. ამ ტიპის სადაზვერვო სამუშაოში აქტიურად გამოიყენება კარდაკარ ჩამოვლა და სხვადასხვა მოგონილი თუ ნამდვილი მიზეზით იმის გაგება, ვინ აძლევს ხმას ნაცმოძრაობას და ვინ იკავებს თავს. მზვერავთა ამ ბატალიონების უკანონო საბიუჯეტო დაფინანსება საარჩევნო წლებში 300-400%-ით იზრდება, განსხვავებით არასაარჩევნო წლებისაგან. 

2) მიღებული ინფორმაციის შესაბამისად არჩევნების დღეს იმ პირების აქტიური მობილიზაცია და სხვადასხვა პროდუქტის, სახურავი შეკეთების, ლიფტის გარემონტების, ასფალტის დაგების თუ სხვა მატერიალური სიკეთეების დაპირებით მათი სახლებიდან გამორეკვა და უბნებზე მირეკვა. უბანზე შესვლის წინ დამატებით ინსტრუქტაჟი და დაშინება, რომ უბნებზე დამონტაჟებული კამერები და ჯადოსნური საწერ-კალმები ყველა ამომრჩევლის არჩევანს დააფიქსირებს და ნაციონალური მოძრაობის 5-იანის არშემოხაზვა მათ ძვირად დაუჯდებათ! 

3) პატიმართა ოჯახების წევრებზე ზეწოლა, რომ მათ თავიანთ სამეზობლოში ნაციონალთა მხარდამჭერი კამპანია აწარმოონ და მოიტანონ გარკვეული ოდენობის (100-500-მდე) იმ პირთა სია და პირადი ნომრები, რომელთა მხარდაჭერაც შეიპირეს. უბნებზე ნარკომანთა და არჩევნების წინ მობილიზებულ კრიმინალურ ელემენტთა აქტივაცია, რომელთა მოვალეობაში შედის სხვა პარტიების და საარჩევნო პროცესის ზედამხედველ დამკვირვებელთა ნეიტრალიზაცია, ხოლო ზოგჯერ – ნაციონალური მოძრაობის მიმართ სიმპათიის არ მქონე იდენტიფიცირებული პირების უბნებამდე არ მიშვებაც. 

4) უბნებზე დამკვირვებელი სხვა პარტიების წარმომადგენელთა აქტიური მოსყიდვა და დაშინების კამპანია, რომ არ მოხდეს აქტის შედგენა დარღვევათა უმეტეს ნაწილზე. ამავე დავალებას იღებენ საარჩევნო უბნის ნაციონალი თავმჯდომარეები, და უბნებზე მობილიზებული პატრული, რომელთაც ჩატარებული აქვთ ინსტრუქტაჟი საჭიროების შემთხვევაში უბნის არანაციონალ დამკვირვებელთა იზოლაციის და ამ მიზნით სპეციალური პროვოკაციების მოწყობის შესახებ. 

თუ ჩავთვლით, რომ თითოეული ამ არაკანონიერი, და რიგ შემთხვევებში, ტერორისტული, მეთოდის რეალიზაციით ნაციონალური მოძრაობა დამატებით 1-2% ხმებს აგროვებს, გამოდის, თუნდაც ხმების სწორად დათვლის შემთხვევაში (რაც ასევე ნაკლებ სავარაუდოა), ნაციონალურ მოძრაობას აქვს საკმარისი ლუფტი – 19%-28%-ის ოდენობით, რომ ნებისმიერ ორგანიზებულ მოწინააღმდეგეს მოუგოს. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა საარჩევნო ბარიერი 30%-მდეა დაწეული, ხოლო ოპოზიცია გაერთიანებას ვერ ახერხებს (რაშიც ლომის წილი ასევე ნაციონალურ მოძრაობას მიუძღვის, საკმარისია, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა რეალურად ხმების 10-15% მიიღოს, რომ მისი ”გამსვლელი” მაჩვენებელი ასარჩევად სავსებით საკმარისი იქნება! 

თუ ამას დავამატებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებით, არჩევნების ლეგიტიმურობისათვის ამომრჩეველთა 50%-ის მონაწილეობა აუცილებელი აღარ არის, გამოდის, რომ საქართველოში მოსახლეობის 5-8%-მა შეიძლება აირჩიოს ხელისუფლება, რომელიც 92-95%-ის ინტერესების გამოხატველი არ იქნება. 

გასაგებია, რომ ამ წესით ”რჩეულთა” ცხოვრების მიზანი ერთია – ნაცვლად იმისა, რომ ხალხს ემსახურონ და თავისი საქმეებით დაიმსახურონ მმართველობის უფლების გაგრძელება, უფრო მარტივად გადაჭრან ეს ამოცანა – არ დაუშვან საქართველოში არჩევნების ნორმალურად ჩატარება! 

ფაქტორი 2: ამოსარჩევნი 

საქართველოში ასარჩევი პიროვნება უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. 

იმისათვის, რომ პრეზიდენტი, პრემიერი, ან პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს, პიროვნება საქართველოში უნდა ცხოვრობდეს – საჭიროა საქართველოში ჯამურად ცხოვრების მინიმუმ 15 წლიანი და ბოლო წლების 5-წლიანი ცენზი. 

თუმცა პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს არ ჭირდება რაიონში მაცხოვრებლობის ცენზი. 

ამოსარჩევი პირი არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან მის მიმართ არ უნდა იყოს აღძრული სისხლის სამართლის საქმე. 

დეპუტატობის მოსურნე პირს არ უნდა ეკავოს თანამდებობა აღმასრულებელ ორგანოში. 

ხალხის რჩეულ დეპუტატს არ შეიძლება გააჩნდეს ბიზნეს ინტერესები, რაც მისი იმპიჩმენტის საფუძველი შეიძლება გახდეს.  

ამ რამდენიმე მუხლით საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო წლებში ეფექტურად მოიცილა რამდენიმე კონკურენტი: 

ბადრი პატარკაციშვილი – რომელსაც კიდეც რომ მოეგო საპრეზიდენტო არჩევნები, სავარაუდოდ, მაინც ვერ გახდებდა პრეზიდენტი, რადგან მის წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. მიუხედავად იმისა, რომ სადღეისოდ, ვახტანგ კომახიძის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით, დასტურდება, რომ ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეფუძნებოდა თავად ხელისუფლების მიერ შეთითხნილ ყალბ ნივთმტკიცებებს, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის და ერეკლე კოდუას საუბრების ჩანაწერების მონტაჟის გზით იქნა მიღებული, დღემდე არც მიხეილ სააკაშვილს, არც მისი მთავრობის მაღალჩინოსნებს (მაგ. მთავარ ბრალმდებელს, იმ დროს გენერალურ პროკურორს ნიკა გვარამიას, ავტორს ცნობილი საბრალდებო პასკვილისა ”ნოემბრიდან ნოემბრამდე”), არც მათ გაწვრთნილ ცერბერ-ურნალისტებს (თენგიზ გოგოტიშვილს, ლაშა ხარაზიშვილს) კვლავაც არ უთქვიათ უარი გარდაცვლილი (თუ მოკლული?) ადამიანის მიმართ ამ სიცრუის მასობრივ ტირაჟირებაზე.  

ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ხელისუფლებამ ოჯახის წევრებზე ზეწოლის ფსიქოლოგიური და სავარაუდოდ მედიკამენტოზური ზეგავლენით აიძულა აღიარებითი ჩვენება მიეცა, ხოლო საქმის აღძვრის შემდეგ პირადად გააცილა აეროპორტში საზღვარგარეთ ”გასაქცევად”, რათა შემდეგ ძებნილის სტატუსით ინტერპოლისათვის გადაეცა. ირაკლი ოქრუაშვილი, მის მიერ დაარსებული პარტიის წარმატების შემთხვევაშიც კი, ვერ გახდებოდა საქართველოს პარლამენტის თუ თბილისის საკრებულოს წევრი. 

სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც გაუმართლა, რომ სააკაშვილმა შედარებით ადვილად – ბოლო წლებში 5-წლიანი ბინადრობის ცენზის შემოღებით მოახერხა მისი ნეიტრალიზება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, რომ ქალბატონ სალომეს მიმართაც აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე რაიმე შეთითხნილი საბაბით. 

ნინო ბურჯანაძე. მართალია, ჯერ ეს არ არის გაფორმებული, მაგრამ დიდი შანსია, ხელისუფლებამ პოლიტიკური აქტივობა აუკრძალოს იმ პირებს, რომელთა ოჯახის წევრების მიმართ აღძრულია განსაკუთრებული მნიშვნელობის (სახელმწიფო გადატრიალება და სხვ) სისხლის სამართლის საქმე. ხელისუფლებას ეს ვარიანტი ჯერ არ ჭირდება, რადგან ფიქრობს, რომ 26 მაისის შემდეგ ბურჯანაძე საკმაოდ ნეიტრალიზებული ჰყავს, თუმცა თუ ბურჯანაძის რეიტინგი მომავალში გაიზრდება, მაშინ ის ამ საშუალებას დაუყონებლივ გამოიყენებს. 

პარლამენტარი ვალერი გელაშვილი. 2005 წელს მას, რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერს, იარაღით ე.წ. ”უცნობი შეიარაღებული ნიღბიანი პირები” დაესხნენ თავს,განაიარაღეს დაცვა, მანქანიდან გადმოათრიეს და უმოწყალოდ სცემეს, რის შემდეგ მას ლიტვაში დასჭირდა სასწრაფო ოპერაციის და მრავალკვირიანი რეაბილიტაციის ჩატარება.საქმე დღემდე გახსნილი არ არის. თუმცა, რამდენადაც ეს ეპიზოდი მოჰყვა გელაშვილის მხრიდან პრეზიდენტის კრიტიკას, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ავტომატებით შეიარარებული უცნობი პირები პრეზიდენტის ბრძანებით მოქმები სპეცნაზის პროფესიონალები იყვნენ. შემდეგში ვალერი გელაშვილს დააბრალეს სკოლის გადაწვა,ხოლო როდესაც ეს ბრალდება ვერ დაუმტკიცეს, საქართველოს პარლამენტმა,სადაც ნაციონალური მოძრაობის მკვებავი 50-მდე მსხვილი ბიზნესმენი ”მოღვაწეობს”, გელაშვილს უფლებამოსილება შეუწყვიტა ბიზნესსაქმიანობის საბაბით. სადღეისოდ, ვალერი გელაშვილი, რომელიც მრავალი წელია ლიტვაში ცხოვრობს, უკვე ბინადრობის ცენზის გამოც ვერ იყრის კენჭს საქართველოს არჩევნებში. 

2008 წელს, 7 ნოემბრის აქციის სასტიკად დაშლის და ტელეკომპანია ”იმედის” დარბევის შემდეგ, როდესაც მისდამი არნახული ერთგულებით აღსავსე ელჩ ჯონ ტეფტისაგან ინსტრუქციები მიიღო და პრეზიდენტობიდან გადადგა, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე სხვა გაფრთხილებასთან ერთად განსაკუთრებული ხაზგასმით გააფრთხილა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე, რომ მას არავითარ შემთხვევაში არ მიეცა საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის მოქალაქე და ამერიკაში განათლებამიღებულ მილიონერ ლევან ვასაძისათვის. ვასაძე, რომლიც პატრიარქთან ახლო ურთიერთობა და ტრადიციული ქართული ღირებულებების თვალშისაცემი მიმდევრობა ბოლო ხანებში სულ უფრო ხშირად ჩნდება ქართულ მედიაში, მიხეილ სააკაშვილის მიერ არცთუ უსაფუძვლოდ განიხილებოდა რეალურ კონკურენტად, რომელთან საარჩევნო შეჯიბრს (თუნდა საკუთარ უსამართლო საარჩევნო მონდორზე) ბატონმა მიხეილმა ტრადიციული კვანტის დადება ამჯობინა… 

დაბოლოს, ბოლო ეპიზოდი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მეთოდებით ცდილობს (და დრემდე ახერხებდა!) მიხეილ სააკაშვილი ცალ კარში თამაშს: 

საფრთხე იქედან მოვიდა, საიდანაც თითქოს შანსი არ იყო! მიუხედავად მისი კარჩაკეტილი ცხოვრების წესისა და იმისა, რომ საქართველოში მას პრაქტიკუალდ არავინ იცნობს და თითზე ჩამოსათვლელ პირებს თუ უნახავთ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ყველას სჯეროდა, მის მიერ ”გრაფ მონტე-კრისტოდ” შერაცხული (ვაი, თუ აგიხდა მწარედ ამ პარალელის გავლება, მიშა!) მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური ამბიციებისაგან აბოსლუტურად თავისუფალი იყო… ეს მაინც მოხდა… 

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში წასვლა, პარტიის ჩამოყალიბება, ოპოზიციური ძალების გაერთიანება და არჩევნების მოგების შემთხვევაში მიშას მიერ ნაწვალები და ავთანდილ დემეტრაშვილის მიერ მისთვის სპეციალურად გამოჩორკნილი პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება გადაწყვიტა… 

მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ხელისუფლების რამდენიმედღიანი სრული ფრუსტრაცია და ჩაშხამებული სარკოზობა მოჰყვა, რომლის შემდეგ სარკოზის მიერაც გაღიზიანებულმა (როგორთუ რუსეთს უფრო მაგრად არ მიაწვაო!) მიშამ ფეხებზე დაიკიდა (მისივე სიტყვები რომ გამოვიყენოთ) ”აფრიკაში ორი ომის მომგები” მამობილი ნიკოლია და აეროპორტში მისი გაცილების მაგიერ მორიგი კალიგულას ორგია მოიწყო… 

”ხსნა” ისევ ფორმალობიდან გამოჩნდა. 

ბიძინა ივანიშვილმა, თურმე 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ საფრანგეთის მოქალაქეობაც მიიღო! 

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთს შვილობილად აკიდებული ქვეყნის პრეზიდენტისაგან ძალიან არალოგიკური ჩანდა საფრანგეთის მოქალაქეობისათვის საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის და #1 მეცენატის, მთავრობის აქამდე გულუხვი დამფინანსებლის მოქალაქეობიდან ავტომატური გარიცხვა, თანაც ისე, რომ მისთვის ახსნა-განმარტების და მოქალაქეობის არჩევის უფლება არ მიეცათ, იმდენად დიდი ჩანდა არჩევნების პირწმინდად წაგების საფრთხე, რომ მიხეილ სააკაშვილმა, არამცთუ ბიძინა ივანიშვილს აჰყარა მის მიერვე ბოძებული მოქალაქეობა, არამედ, იმის შიშით, ემანდ ცოლს არ გადააბაროს პოლიტიკაც, პარტიაც და ფულებიცო, სასწრაფოდ დააზუსტა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მეუღლე – ეკატერინე ხვედელიძეზეც ვრცელდებოდა!!! 

არაა გამორიცხული, რამდენიმე დღეში ისიც გვაცნობოს პრეზიდენტის შუბლისძარღვგაწყვეტილმა პრესსამსახურმა, რომ პრევენციულად ივანიშვილების ოჯახის ყველა წევრი,მიუხედავად ასაკისა, არის მიხეილ დიდის მიერ გადაცემული მოქალაქეობრივ ანათემაზე და ექსორციაზე! 

ისე, მანდ კი აუცდა მიზანი ჩუბინს! 

ეკა ხვედელიძე საქართველოს მოქალაქეობის მიღების მომენტში უკვე იყო საფრანგეთის მოქალაქეც და მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის არავითარი ფორმალური საფუძველი არ არსებობს! 

თუმცა, როგორც ნაცმოძრაობის მიერ ცხოვრების დევიზად აღებული მგლის კანონი ქადაგებს: ”შენი შესანსვლა რომ მნებავს, მიზეზად ისიც კმარაო”! 

ეშინია კაცს და სად ეცალა იმის გასარკვევად, ვინ მანამდე იყო მოქალაქე და ვინ – შემდეგ! 

ეგ არკვიოს, თუ ანაკლიები და ზღვაზე ხიდები აშენოს, მუდმივად მოჩქარემ?.. 

რადგან მეუღლეზე ჩამოვარდა სიტყვა: საინტერესოა, რომ საქართველოს შორსმჭვრეტ პრეზიდენტს საკუთარი მეუღლისთვისაც არ უბოძებია საქართველოს მოქალაქეობა! 

ყოველ შემთხვევაში, 2008 წლის არჩევნებზე საარჩევნო კაბინებიდან გამოგოგმანებული პირველი წყვილის დანახვისას მედიამ გამოარკვია, რომ იმ მომენტისათვის სანდრა რულოვსი საქართველოს მოქალაქე არ იყო და საარჩევნო კაბინაში არაფერი ესაქმებოდა! სავსებით დასაშვებია, რომ მის შემდეგ ეს მდგომარეობა ჩაასწორეს და ძველი რიცხვითაც (გრიგოლ ვაშაძე 10 სართულიან კორპუსებს ”ასახლებს” სარდაფებში და ეგ გაუჭირდება?!),მაგრამ მაინც საინტერესოა, პრეზიდენტობის 5 და ერთად ცხოვრების ლამის 15 წლის თავზე რატომ არ იყო სანდრა რულოვსი საქართველოს მოქალაქე? მე ასეთი ვარაუდი მაქვს, რომ მიშა მასაც არ ენდობა! არადა, ქალბატონმა სანდრამ მეგრული სიმღერები კი გვარიანად აითვისა, მაგრამ ევიტა პერონის ქარიზმა, არა მგონია, ჰქონდეს და ნაკლებ სავარაუდოდ მეჩვენება მერიის აივნიდან იქ შეკრებილ ათასობით ადამიანს სულისშემძვრელად უმღეროს – ”Don’t cry for me, Saqartveloooo!”.. და მაინც… და მაინც… სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, იფიქრა ალბათ, მიშამ, რომელიც სანუკვარ მოქალაქეობისმინიჭებელ უფლებას ჯოკერივით ინახავს… 

ამავდროულად, ბლოკავს რა რეალური შანსის მქონე ოპონენტებს (სანდრა რულოვსი არ მიგულისხმია), მიხეილ სააკაშვილი და მისი მთავრობა ძალიან უფრთხის დიქტატორის და ერთპარტიული სისტემის იმიჯს. 

ამიტომ იგი თავის ინკუბატორში აშენებს ჯიბის კანდიდატებს და ფესვდოოპოზიციურ პარტიებს, რომელთა სელექციისა და გამოკვებისათვის საკმაო თანხების დახარჯვას არ ერიდება. 

გავიხსენოთ გოგი თოფაძის შემთხვევა, რომელსაც ბიზნესში სააკაშვილის საგადასახადო ორგანოებმა ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნეს და ჯარიმები დაარიცხეს. მას ეს ყველაფერი მის შემდეგ ჩამოაწერეს, რაც თოფაძემ საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებს ბევრი არა, მაგრამ ორიოდ პროცენტი მაინც ჩამოაჭრა… სააკაშვილის და ნაცმოძრაობის სასარგებლოდ, რა თქმა უნდა… 

ნიკა ივანიშვილი – შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, კახა თარგამაძის დროს საგზაო პოლიციის უფროსი, რომელიც, რაგინდ უცნაური არ უნდა ჩანდეს, სწორედ მისმა სამუშაოდან მომხსნელმა ხელისუფლებამ ამოიღო ნაფტალინიდან 2010 წლის არჩევნების წინ და არამცთუ მერობის კანდიდატად მოგვივლინა, არამედ ისეთი ძვირადღირებული საარჩევნო კამპანია დაუფინანსა, რომ ზოგიერთ უბნებში ივანიშვილის საარჩევნო პლაკატები რიცხვით და ზომით ნაციონალურ მოძრაობისასაც კი სჯობნიდა! სავარაუდოდ, ნიკა ივანიშვილს ნაცმოძრაობა მომავალ საპარლამენტო არჩევნებშიც არ დატოვებს დაუსაქმებელს და უკვე მისი სეხნიის (ოდნავ მაინც) გასანეიტრალებლად გამოიყენებს. დიდი შანსია, რომ ბიულეტენებში ერთმანეთის გვერდით მოახვედრონ, რომ იქნებ მოხუცებულ ამომრჩეველთა 1-2%-ს მაინც შეეშალოს და ბიძინას მაგიერ ნიკას მისცეს ხმა… 

დავით იაკობიძე – შევარდნაძის დროის კიდევ ერთი ნაფტალინის კავალერი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი, რომელიც გია (”პადოშა”) თორთლაძის პარტიის სახედ იქცა და ასევე ასეულ ათასობით დოლარის საარჩევნო პლაკატები ”აუთვისეს”. აქვე მახსენდება ისიც, როგორი პირწავარდნილი მიშისტების ბუდედ იქცა გია თორთლაძის ვაჰ, დემოკრატიული პარტია – მაია ორჯონიკიძე, ლევან ჩოლოყაშვილი… ნატიფი ”ოპოზიცინერები” არიან, გიას მზემ! 

გია ჭანტურია – შევარდნაძის მთავრობის დროს გაზის და ნავთობის კორპორაციის ძლევამოსილი თავმჯდომარე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ ადრე ინტერპოლის ძებნილთა სიაში გადასცა, ხოლო 2009 წლის ბოლოს სიიდან ამოიღო და ქრისტიან-დემოკრატებს უძღვნა, როგორც დროშა და სიმბოლო… ვიკილიქსის მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან აშკარა ხდება, ამერიკის საელჩომაც კარგად იცოდა, რომ გია ჭანტურია მთავრობის მიერ იყო დაქირავებული! რაც იმას ადასტურებს, რომ პატარკაციშვილის ლიკვიდაციის დროს ”დაბადებული” ქრისტიან-დემოკრატების გაძლიერება და ქართულ პოლიტარენაზე #2 ძალად წარმოჩენა, სწორედ მათი მოქანდაკის - მიხეილ სააკაშვილის და პროდიუსერის – ვანო მერაბიშვილის გეგმებში შედის. ჭანტურიამ, თავისი კატასტროფულად პოპულისტური დევიზით – ”გაზი – 5 თეთრი! დენი -10 თეთრი! წყალი – უფასოდ!” გარკვეული პროცენტები მოიმკა, საქართველოში ადრე ჩამორთმეული ქონების ნაწილი დაიბრუნა და მშვიდად დაბრუნდა აწმშობლიურ ბაქოში, რადგან კარგად იცის, ნაცმოძრაობა ვისი ჯიშისაა და რა მორიელივით ზნე აქვს… 

როგორ გახდა ალპინისტი გია თორთლაძე პოლიტიკოსი და როგორ გადაუხადეს კრედიტები… როგორ იქცა ”პადოშად” ცნობილი მთაწმინდელი ნაცმოძრაობის ”პადოშადაც” და ”სალფეთქადაც”… რა წარმონაქმნი იყო ”ის თვითონ” დავითაიას საგამოძიებო კომისია, რომელმაც აგვისტოს ომის დაწყება ეროსი კიწმარიშვილს დააბრალა და ტალიავინის კომისიისაგან 180 გრადუსით განსხვავებული და ნაცმოძრაობის იდეოლოგთა მიერ დაწერილი დასკვნები დადო… და რა ფანტასტიური კრახი იყო ზვიად გამსახურდიას სიკვდილის დამდგენი საგამოძიებო კომისია მისი შვილის მეთაურობით, რომელმაც ვითომ გამოძიებისათვის მეტროლოგიის მეტრიანი ელჩობა გაიჩალიჩა… ამას ალბათ სხვები უკეთ დაწერენ… ფაქტი ერთია, ნაციონალური მოძრაობა ახერხებს დახუთოს საქართველოში ნებისმიერი სივრცე – ბიზნესი, სასამართლო და მედია და შემდეგ, დაბეჩავებულ-გაღატაკებული მოსახლეობა და გაბითურებული პოლიტიკოსები თავისი ხელის ლოკვას მიაჩვიოს. ხოლო ვინც ხელის ლოკვას იწყებს, შემდეგ მხოლოდ იმის მიმართ აქვს აგრესია, ვინც მისი მდგომარეობის არასახარბიელობაზე მიუთითებს ხოლმე…  

ხოლო იმაზე, როგორ აკონტროლებს ნაცმოძრაობა საარჩევნო გარემოს დანარჩენ კომპონენტებს – ბიზნესს, მედიას, ძალოვნებს და სასამართლოს, ვეცდები მომავალში შევჩერდე, თუმცა უბედურება იმაშია, რომ ეს მსოფლიოში სამწუხაროდ, არავის ანაღვლებს, ხოლო დამონებული ხალხისთვის ქართული გაზაფხულის მოსვლას, ვაითუ, იმაზე მეტი დრო დაჭირდეს, ვიდრე არაბული გაზაფხულისას… 
თუმცა, ვნახოთ…