ძალოვანი სტრუქტურიდან დათხოვნილებისთვის კომპენსაციებზე პრეზიდენტმა პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინა

ძალოვანი სტრუქტურიდან დათხოვნილებისთვის კომპენსაციებზე პრეზიდენტმა პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინა

სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურიდან დათხოვნილი თანამშრომლებისთვის კომპენსაციების გაზრდის საკითხზე პრეზიდენტმა პარლამენტს კანონპროექტის მისეული ვარიანტი წარუდგინა. 

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ძალოვან ვეტერანებთან დაკავშირებით პარლამენტში "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დარეგისტირდა. ამავე კანონში იგივე საკითხზე ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითაც შედის, რომელიც პარლამენტს იანვრის თვეში გამართულ რიგგარეშე სესიაზე წარედგინა.

საუბარია სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირთა კომპენსაციებზე და მათი გაანგარიშების მეთოდზე.

პრეზიდენტის პროექტის თანახმად, ძალოვანი სტრუქტურიდან დათხოვნილი თანამშრომლებისთვის კომპენსაციის გაანგარიშების შემდეგი წესი უნდა იყოს: კომპენსაციის 55 წლამდე დანიშვის შემთხვევაში - დათხოვნის მომენტისთვის მისი ხელფასის 1,5%-ის ნამრავლი ძალოვან ორგანოებში მუშაობის სტაჟზე; 55-დან 60 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში - დათხოვნის მომენტისათვის ხელფასის 2%-ის ნამრავლი ორგანოებში მუშაობის სტაჟზე; 60-დან 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში - დათხოვნის მომენტისთვის მისი ხელფასის 2,5%-ის ნამრავლი ძალოვან სტუქტურებში მუშაობის სტაჟზე; 65 წლის ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში - დათხოვნის მომენტისთვის მისი ხელფასის 3%-ის ნამრავლი ორგანოებში მუშაობის სტაჟზე.

პრეზიდენტის ინიციატივის გათვალისწინებით, კომპენსაციების ნაწილში კანონის დებულებები დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებზეც გავრცელდება, რაც სადღეისოდ არ ხდება.

ამავე პროექტით, კანონს ემატება პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს ზემოაღნიშნული ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნილ პირთათვის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის განსხვავებულ ოდენობას.

რაც შეეხება ამ მიმართულებით მთავრობის ხედვებს და ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, ძალოვანი უწყებებიდან დათხოვილ პირთა კომპენსაციის გაანგარიშებისას, ხელფასი მხედველობაში აღარ მიიღება. კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშება მთავრობის პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ასეთი წესით მოხდება: 65 წლის ან მეტი ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში, პენსიის ოდენობას დამატებული უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის შესაბამის ორგანოებში მუშაობის სტაჟის ნამრავლი 2-ზე, საკონტრაქტო სამხედრო სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისთვის ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის ორგანოებში ნამსახურების წლების ნამრავლი 5-ზე, კადრების სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის - 10-ზე, ხოლო უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის - 15-ზე. კომპენსაციის 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში კი, კომპენსაციის ოდენობა შეადგენს ზემოთ აღნიშნული წესით გაანგარიშებული კომპენსაციის 80%-ს.

პროექტის თანახმად, ამავე პრინციპით გადაანგარიშდება კომპენსაციები სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთათვის. გარდა ამისა, კომპენსაციის გადაანგარიშება განხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ძალოვანი სტრუქტურებისა და სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთათვის. ასევე ძალოვანი სტრუქტურაში მომუშავე მოსამსახურეთა გარდაცვალების გამო, კომპენსაციის მიმღები ოჯახებისთვის.

"სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონის დღეს მოქმედი რედაქციით, აღნიშნულ პირებზე კომპენსაციის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება პირის ასაკი, დათხოვნის მომენტისთვის მისი თანამდებობრივი სარგო და მუშაობის სტაჟი.