აქციის მონაწილეებმა ბიბლიოთეკის შესასვლელთან ცოცხები მიამაგრეს

აქციის მონაწილეებმა ბიბლიოთეკის შესასვლელთან ცოცხები მიამაგრეს

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ყოფილი პოლიტპატიმრების აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ ბიბლიოთეკასთან ცოცხები მიიტანეს და ეროვნული ბიბლიოთეკის სადარბაზოსთან, საიდანაც მიხეილ სააკაშვილი უნდა შევიდეს შენობაში, კედელზე მიამაგრეს. კედელზე ცოცხები ტრისტან წითელაშვილმა მიამაგრა.

გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენილია დიდი ზომის ფოტოსურათები, სადაც აღბეჭდილია 7 ნოემბრისა და 26 მაისის საპროტესტო აქციების დარბევა. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილიც იმყოფება.

"მე გავახსენებ საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის ფრაზას, რომ ფეხმოტეხილი იხვი ვერ იქნებოდა. ის უარესია - უკურტუმო იხვია. თუ ეყოფა სინდისი, მოვიდეს და შევიდეს შენობაში, თუმცა ჩვენ აქ დავხდებით, მე მას ვერ აღვიქვავ როგორც საქართველოს პრეზიდენტს. ასევე, ვერ შეგვაცოდებს თავს ადეიშვილი, რომელიც უცხოეთში თურმე ტრამვაით მგზავრობს", - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში ვერ ვითარდება.

აქციის ზოგიერთ მონაწილეს სასტვენებიც აქვს მოტანილი. როგორც ისინი აცხადებენ, როდესაც მიმდებარე ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდება, ისინი სტვენით შეხვდებიან მას და სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ.
აქციის ზოგიერთი მონაწილის თქმით კი, მიხეილ სააკაშვილს საერთოდ არ შეუშვებენ შენობაში.