ალექსი პეტრიაშვილმა დანიაში ორმხრივი შეხვედრები გამართა

ალექსი პეტრიაშვილმა დანიაში ორმხრივი შეხვედრები გამართა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა დანიის სამეფოში ორმხრივი შეხვედრები გამართა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, პეტრიაშვილმა შეხვედრა ჯერ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ვილი სოვნდალთან გამართა. სახელმწიფო მინისტრმა დანიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მტკიცედ გატარებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში დანიელი ექსპერტების მონაწილეობის მნიშვნელობა.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების პროცესში დანიის მთავრობის მიერ განხორცილებული პროგრამების მნიშვნელობას,მათ შორის სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის, ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების კუთხით.
"გვქონდა ძალიან საინტერესო აზრთა გაცვლა, მივიღეთ მისი მტკიცე მხარდაჭერა დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მხრიდან საქართველოს სწრაფვაში გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, მომავალშიც მოსალოდნელია, რომ დანია აუცილებლად მხარს დაუჭერს საქართველოს მისწრაფებას ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დანიის სამეფოში ალექსი პეტრიაშვილმა მორიგი ორმხრივი შეხვედრა დანიის სამეფოს პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების წევრებთან გამართა. შეხვედრაზე დანიურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ. მხარეებმა, ასევე, საქართველო-დანიას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში ალექსი პეტრიაშვილი სიტყვით გამოვიდა არასამთავრობო ორგანიზაცია "დანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების" მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების, დანიის სამეფოში აკრედიტებული საელჩოებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ. სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.