გურამ დონაძისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს ან ხვალ იმსჯელებს

გურამ დონაძისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს ან ხვალ იმსჯელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ გურამ დონაძისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს ან ხვალ იმსჯელებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დონაძის ადვოკატმა კახა შონიამ განუცხადა, აღმკვეთი ღონისძიების მოთხოვნით პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს, პროცესი კი დღეს ან ხვალ დაინიშნება.
"ველოდებით, რომ აღკვეთის ღონისძიებად პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს. თუმცა ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდება საერთოდ არ მოხდეს", - განაცხადა გურამ დონაძის ადვოკატმა კახა შონიამ.

დონაძეს ბრალი ოფიციალურად სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გუშინ წარუდგინეს.

აღნიშნული მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

გურამ დონაძისთვის ბრალის წარდგინება ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მოხდა.
წარდგენილი ბრალდება 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატის ინფორმაციით, დონაძე დადანაშაულებულია ოპერატორისთვის მითითების მიცემაში, რომ მას შემთხვევის ადგილზე ჩადებული იარაღი გადაეღო.
გურამ დონაძე საქართველოში არ იმყოფება. კახა შონიას განცხადებით, დონაძე არ აპირებს, რომ მართლმსაჯულებას მიემალოს და საქართველოში დაბრუნდება ჩვენების მისაცემად. ადვოკატი არ საუბრობს იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება გურამ დონაძე.

მისი ინფორმაციით, დონაძისთვის წარდგენილი ბრალი, სისხლის სამართლის 332 მუხლის მესამე ნაწილი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.