პრეზიდენტის მიმართვის რამდენიმე დეტალი უკვე დაზუსტებულია

პრეზიდენტის მიმართვის რამდენიმე დეტალი უკვე დაზუსტებულია

საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვის ფორმატის რამდენიმე დეტალი უკვე დაზუსტებულია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას ეროვნული ბიბლიოთეკიდან 18:00 საათზე მიმართავს.

ღონისძიებაზე მიწვეული არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, საპატრიარქო, მედიასაშუალებებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები.
მიმართვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი დაინტერსებულ პირთა შეკითხვებსაც უპასუხებს.

საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა ქართული ტელევიზიების პირდაპირი ეთერით გადაიცემა. პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმ მიმართვით წარსდგება, რომლითაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უნდა გამოსულიყო.

"იმის გათვალისწინებით, რომ საქართელოს პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით უმრავლესობამ უარი განაცხადა პარლამენტში პრეზიდენტის კონსტიტუციით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ეროვნული ბიბლოიოთეკიდან მიმართოს საზოგადოებას იმავე მიმართვით, რომლითაც ის უნდა წარდგენილიყო საკანონმდებლო ორგანოდან", - აღნიშნა გუშინ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოხსენებით დღეს პარლამენტში უნდა გამოსულიყო, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ ამაზე უარი განაცხადა.
როგორც ბიუროს გუშინდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტს მიეცემა საშუალება, კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს და პარლამენტში სიტყვით გამოვიდეს, თუმცა უმრავლესობის პოზიციაა, რომ ეს მოხდება მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება ან, როდესაც ცალსახად და მკაფიოდ იქნება გამოხატული პრეზიდენტის და მისი პოლიტიკური გუნდის პოზიცია პარლამენტისთვის იმ უფლების დაბრუნების თაობაზე, რაც მას ეკუთვნის.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს 78 დეპუტატის ხელმოწერით ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებებს ეხება. კერძოდ, კონსტიტუციიდან ის მუხლები ამოდის, რომელიც პრეზიდენტს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი ექვსი თვის განმავლობაში და საკუთარი უფლებამოსილების ამოწურვამდე ბოლო ექვის თვის განმავლობაში დათხოვნას უკრძალავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს უფლება ეძლევა დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დროს - მათ შორის პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.

ამავდროულად, ამავე საკონსტიტიციო პროექტის ფარგლებში, ქვეყნის პირველი პირის უფლებები მთავრობის დათხოვნის მიმართულებით იზღუდება. კერძოდ, მოქმედი საკონსტიტუციო ნორმით, თუ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ზედიზედ სამჯერ პარლამენტის ნდობას ვერ მიიღებს, პრეზიდენტი ხუთი დღის ვადაში პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას წამოაყენებს ან პარლამენტის თანხმობის გარეშე პრემიერ-მინისტრს ნიშნავს, ხოლო პრემიერ-მინისტრი, ასევე ხუთი დღის ვადაში, პრეზიდენტის თანხმობით მინისტრებს დანიშნავს. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. წარმოდგენილი ცვლილებების პროექტის თანახმად კი, თუ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტის ნდობას ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღებს, პრეზიდენტი სამი დღის ვადაში პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. მთავრობის უფლებამოსილება კი მისმა ძველმა შემადგენლობამ უნდა განახორციელოს. საპარლამენტო უმრავლესობის ამ ინიციატივას უმცირესობა მხარს არ უჭერს.