ლევან ბერძენიშვილი - სააკაშვილისგან შეიძლება მოვისმინოთ, ვინ არის ჩვენს რიგებში რუსეთის აგენტი, თავგასიებული ან ფარჩაკი

ლევან ბერძენიშვილი - სააკაშვილისგან შეიძლება მოვისმინოთ, ვინ არის ჩვენს რიგებში რუსეთის აგენტი, თავგასიებული ან ფარჩაკი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი არაადეკვატურად იქცევა, - ამის შესახებ ბერძენიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, როდესაც პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომ ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის ნაცვლად ეროვნული ბიბლიოთეკიდან წარსდგება.

"პარლამენტში როდის წარდგება პრეზიდენტი, ამას განსაზღვრავს პარლამენტი. მისმა ბიურომ გადაწყვიტა, რომ ეს დღეს არ იქნება. რადგან პრეზიდენტს სურს, სადმე შეხვედრა მოაწყოს, ვიღაცას რა თქმა უნდა შეხვდება, თუნდაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში. კარგი იქნება, თუ ბიბლიოთეკაში წიგნებზეც ილაპარაკებს. ალბათ რაღაც ანგარიშსაც წარადგენს. საქართველოს პრეზიდენტი არაადეკვატურად იქცევა. ჩემი აზრით, მისი ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ლიდერის გადაწყვეტილებას არ ჰგავს. ეს ჰგავს რაღაცა ბუტიაობაში მოთამაშე არასერიოზული კაცის გადაწყვეტილებას",-აღნიშნა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, სანამ არ გამოვა პრეზიდენტი სიტყვით, ძნელია წინასწარ დეტალებზე საუბარი, თუმცა აცხადებს, რომ დებატები ბიბლიოთეკაში არ იქნება.

"ალბათ იქ ის იქნება, რაც მას ასე უყვარს. მიიყვანს თავის მომხრეებს, ილაპარაკებს, თუ რა კარგია და ისინიც ეტყვიან - რა კარგი ხარ და ამით დამთავრდება. შეიძლება რამე სიახლეებიც მოვისმინოთ - ვინ არის ჩვენს რიგებში რუსეთის აგენტი, თავგასიებული, ფარჩაკი და სხვ. ეს მისი ტერმინოლოგიაა. მოგეხსენებათ, ამ ლექსიკით მეტყველებს საქართველოს პრეზიდენტი. მე არ მგონია, რომ სერიოზულად უნდა განვიხილოთ ამ ყოფილი პოლიტიკოსის, ვადაგასული და ყავლგასული ადამიანის მოძრაობები", - დასძინა ბერძენიშვილმა.