გია ცაგარეიშვილი პრეზიდენტს ურჩევს, მოსახლეობას ორთაჭალის დანგრეული ციხის ტერიტორიიდან მიმართოს

გია ცაგარეიშვილი პრეზიდენტს ურჩევს, მოსახლეობას ორთაჭალის დანგრეული ციხის ტერიტორიიდან მიმართოს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ისეთი ნაწარმოები წაიკითხოს , რომელიც მას თვითშეგნებას გაუღვიძებს, - ამის შესახებ ცაგარეიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

"მე მას ვურჩევდი, თუ ბარემ ბიბლიოთეკაში მიდის, წაიკითხოს ბიბლია ან რომელიმე ნაწარმოები, რომელიც მას თვითშეგნებას გაუღვიძებს და შეაყვარებს თავის ხალხს. კითხვა მგონი არასოდეს არის გვიანი. ბევრი ნაშრომი დახვდება იქ!", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ის ასევე ურჩევს პრეზიდენტს, რომ ტრიბუნა დადგას ორთაჭალის დანგრეული ციხის მიდამოებში და იქიდან გამოვიდეს. "მისი უფლებაა, სადაც უნდა იქ გამოვიდეს, თუმცა, მე ვურჩევდი, ორთაჭალის დანგრეული ციხის მიდამოებში დაედგა ტრიბუნა და იქიდან გამოსულიყო სიტყვით, რადგან ამ ქვეყანაში ძალადობისა და უსამართლობის სიმბოლო მიხეილ სააკაშვილი და მისი მმართველობაა. ასევე, უპრიანი იქნებოდა სადმე, თუნდაც გლდანის #8-ე საპყრობილის ტერიტორიაზე ჩაეტარებინა ამგვარი ღონისძიება", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

მისივე ვარაუდით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა იმის გამო გადაწყვიტა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა პარლამენტის დაწესებულებაა და "ამის შემდეგ რომ თქვას, მე მაინც მოვედი პარლამენტში და იქიდან მოგმართავთო".

დღეს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალ ყოველწლიური ანგარიშით მოსახლეობას პარლამენტის ნაცვლად ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს.