თინა ხიდაშელი - მაინტერესებს, აცხადებს თუ არა პრეზიდენტი უარს კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებაზე

თინა ხიდაშელი - მაინტერესებს, აცხადებს თუ არა პრეზიდენტი უარს კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ინტერესდება, ამბობს თუ არა უარს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებაზე, - ასე გამოეხმაურა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში თინა ხიდაშელი საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მოსახლეობას ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის ნაცვლად ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართოს.

"ამას ხომ ისედაც აკეთებს მუდმივად. ამაზე შეფასებას არაფერს არ გავაკეთებ, რადგან არ იმსახურებს შეფასებას. უბრალოდ, კითხვას დავსვამ - ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი უარს აცხადებს კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებაზე მომავალში, თუ - არა? ეს არის და ეს. ეს განგვიმარტონ ბარემ და ყველაფერი ნათელი გახდება",-განაცხადა ხიდაშელმა.
საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის ნაცვლად ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს, - ამ გადაწყვეტილების შესახებ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე სწორედ იმ მიმართვით წარსდგება, რომლითაც ის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უნდა გამოსულიყო.
"იმის გათვალისწინებით, რომ საქართელოს პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით უმრავლესობამ უარი განაცხადა პარლამენტში პრეზიდენტის კონსტიტუციით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ხვალ ეროვნული ბიბლოიოთეკიდან მიმართოს საზოგადოებას იმავე მიმართვით, რომლითაც ის უნდა წარდგენილიყო საკანონმდებლო ორგანოდან", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში მოხსენებით ხვალ უნდა გამოსულიყო, თუმცა საპარლამენტო უმრაველსობამ ამაზე უარი განაცხადა.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტს მიეცემა საშუალება, კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს და პარლამენტში სიტყვით გამოვიდეს, თუმცა უმრავლესობის პოზიციაა, რომ ეს მოხდება მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება ან როდესაც ცალსახად და მკაფიოდ იქნება გამოხატული პრეზიდენტის და მისი პოლიტიკური გუნდის პოზიცია პარლამენტისთვის იმ უფლების დაბრუნების თაობაზე, რაც მას ეკუთვნის.