ბიძინა ივანიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი: "ალასანია 2 წლის განმავლობაში თავდაუზოგავად იშრომებს თავდაცვის სამინისტროში და საუკეთესო სამინისტროს გახდის"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ირაკლი ალასანია ჯერ ახალგაზრდაა და რაღაც შეეშალა".

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის იმ კითხვის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ვრცელდება ინფორმაციები ახალი მინისტრების უცხოეთში ვოაჟების შესახებ.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ირაკლი ალასანია დუბაიში ჩავიდა, მერე საფრანგეთში და ბრიტანეთში გადაფრინდა და მას თან გიგი უგულავას მეუღლე და მისი დაქალი ახლდა.

"მთავრობის სხდომაზე დუბაისთან დაკავშირებით შეკითხვა მართლაც მქონდა, კიდევ მქონდა სხვა შეკითხვებიც, ამ თემის აჟიტირება არ მინდა, რადგან ისეთი არაფერი მომხდარა, როგორც ეს საზოგადოებამდეც მივიდა. ჯერ ახალგაზრდაა ირაკლი, რაღაც შეეშალა. რაც შეეხება საფრანგეთს და მეუღლეს, მე ადამიანების პირად ცხოვრებაში არ ვერევი. პირადულში ზედმეტად არ ვერევი, თუმცა ოჯახთან ჩემი განწყობა მაქვს. ჩემი ზოგიერთი მეგობარიც ღალატობს თავის მეუღლეს, მაგრამ ეს ძალიან პირადულია. ირაკლი არ მყავს მხედველობაში. ასეთ ჭორებზე არ ვაკეთებ რეაქციას. როცა ირაკლი ლონდონიდან დაბრუნდა, მას შევხვდი. რაც შეეხება მის მოგზაურობას, აუცილებლად ვთხოვ, გამოაქვეყნოს სად იყო და ვისთან ერთად. რაც შეეხება დუბაის, იქ რაღაც მართლაც იყო, მაგრამ ეს უნდა დავივიწყოთ. მე ხვალ ვხვდები ალასანიას. რაც შეეხება სხვა კითხვებს, მე ჩემი და ირაკლის გუშინწინდელ შეხვედრაზე გეტყვით. 2 წლის განმავლობაში ის თავდაუზოგავად იშრომებს თავდაცვის სამინისტროში. საუკეთესო სამინისტროს გახდის. რაც შეეხება სამეგრელოს, მან თქვა, რომ ყველაფერს გამოიკვლევს, რადგან ის იყო 7 რეგიონის კურატორი და ჩვენ ვერსად ვერ მივიღეთ შედეგი. მე მინდა, რომ ირაკლის თემაზე როგორმე საუბარი დავასრულოთ. მას უბრალოდ შეცდომა მოუვიდა და ეს პირდაპირ ვუთხარი, რაც მან კარგად გაიგო. ამიტომ ეს თემა უნდა დამთავრდეს. პრობლემა არ გვაქვს არანაირი და კოალიცია არ დაიშლება", - განაცხადა ივანიშვილმა.