საია პარლამენტს მოუწოდებს, კანონპროექტების განხილვისას სამოქალაქო სექტორს ჩართვის შესაძლებლობა მისცეს

საია პარლამენტს მოუწოდებს, კანონპროექტების განხილვისას სამოქალაქო სექტორს ჩართვის შესაძლებლობა მისცეს

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" პარლამენტს მოუწოდებს, საკანონმდებლო პროექტების განხილვისა და დამტკიცების პროცესი იმგვარად დაგეგმოს, რომ სამოქალაქო სექტორს მასში ჩართვისა და მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცეს.

საია-ს ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ კანონპროექტების სწრაფი, დაჩქარებული წესით განხილვა მხოლოდ აუცილებელი მიზაშეწონილობის შემთხვევაში უნდა მოხდეს და კანონმდებლებს ამის გათვალისწინებას ურჩევს.

კოჯორიძის თქმით, პარლამენტი საშემოდგომო სესიის განმავლობაში, უმეტეს შემთხვევაში განხილვების პროცესის ღიაობასა და საკანონმდებლო მუშაობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას უზრუნველყოფდა, მაგრამ დეკემბერსა და იანვრის რიგგარეშე სესიაზე გატანილ რიგ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში მათ სათანადოდ ვერ მიიღეს მონაწილეობა, რადგან კანონპროექტები პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. ამის მაგალითად, კოჟორიძე საღვთისმეტყველო სასწავლებლებთან დაკავშირებით "უმაღლესი განათლების შესახებ კანონში" შეტანილ ცვლილებებს და ნაფიცმსაჯულების თაობაზე "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" გახორციელებულ ინიციატივებს ასახელებს.

"ნაფიცმსაჯულებთან დაკავშირებულ ინიციატივას ჩვენ კარგად ვსწავლობდით. გვსურდა, არამხოლოდ აქაური ამბების შეფასება, არამედ იმ საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა, სადაც ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი მოქმედებს. როცა დასკვნა დავდეთ, პარლამენტმა კანონი იმ დღეს მიიღო და ჩვენი დასკვნა გვერდზე დარჩა. ზოგადად, პარლამენტის რეგლამენტი დასახვეწია, მაგრამ მნიშველოვანია, რომ პარლამენტმა მოქმედი რეგლამენტი დაიცვას, რადგან იყო შემთხვევები, როცა რეგლამენტიც ვერ დაიცვეს და კანონი ისე მიიღეს. საგაზაფხულო სესიაზე მნიშვნელოვანი რეფორმები იგეგმება და ჩვენი მოთხოვნაა, რომ მოგვეცეს მასში ჩართვის საშუალება. პოზიციების მომზადება და პარლამენტში გაგზავნა ჩვენი თვითმიზანი არ არის. ველით, რომ ეს პოზიციები კანონმდებლობის დასახვეწად იქნება გამოყენებული", - აცხადებს კახა კოჟორიძე.