ბიძინა ივანიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი: "რუსულ ბაზარზე პირველ ეტაპზე ღვინო დაბრუნდება და შემდეგ ხილ-ბოსტანიც, რაზეც მოლაპარაკება უკვე დაიწყო"

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის აზრით, ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნას თავად წინა ხელისუფლება ზღუდავდა.

ამის შესახებ ივანიშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ახალი მთავრობის 100-დღიანი საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.

"რუსეთთან ურთიერთობების დალაგების პროცესი დაიწყო. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი დავნიშნეთ, რომელსაც კარასინთან პირველი შეხვედრა უკვე ჰქონდა, მეორე დაგეგმილია 1 მარტს. ის, რომ გუშინ ქართული დელეგაცია იმყოფებოდა რუსეთში ვაჭრობასთან დაკავშირებით, ეს საგარეო პოლიტიკასაც და ვაჭრობასაც ეხება. აუცილებელია, დამატებითი ბაზრების მოძიება. ყოფილი ხელისუფლება რუსული ბაზრის გახსნას თვითონვე ზღუდავდა და ეს გუშინდელი მოვლენებით მტკიცდება. რუსული ბაზარი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, სოფლის მეურნეობაში რაც ხორციელდება, ის აუცილებლად გასაღების ბაზარს ითხოვს. ამავდროულად, საქართველოს ბაზარზეც სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებს დავეხმარებით, დავაბრუნებთ ფიტო და სხვა ტიპის კონტროლს, რის გამოც ძალიან ბევრი უხარისხო პროდუქცია შემოდის. ამის საშუალებით, მე ვფიქრობ, ქართულ პროდუქციას მეტი გასავალი ექნება საკუთარ ბაზარზეც, რუსეთის ბაზარზეც და ასევე ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ურთიერთობის დამყარებას ვაპირებთ. ეს პროცესი დაწყებული იყო და გრძელდება. გუშინ მე ინფორმაცია მივიღე, კირვალიძეს ვესაუბრე, გაოცებული არიან რუსები, რომ ქართულ ღვინოს არავინ ზღუდავდა. ცალკეულ კომპანიებს მხოლოდ თავის ფავორიტებს წინა ხელისუფლება ირჩევდა და დაჟიებით ითხოვდნენ, მხოლოდ და მხოლოდ პროდუქციის შეტანას. დღეს ასე აღარ იქნება და როგორც ხაზს უსვამენ, არავის არ აღუკვეთავს ღვინის შეტანა. მცდელობა არ იყო წინა ხელისუფლების მიერ, რომ შეეტანათ ეს პროდუქცია და ხელოვნურად ზღუდავდნენ. დაახლოებით, მე ეს ვიცოდი", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, რუსულ ბაზარზე პირველ ეტაპზე ღვინო დაბრუნდება და შემდეგ ხილ-ბოსტანიც, რაზეც მოლაპარაკება უკვე დაიწყო.

"ჩემი განცდით და ანალიზით ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება, ურთიერთობები დავალაგოთ ჩვენს დიდ მეზობელთან. იმედი და განცდა იმისა გვაქვს, რომ ჩვენ მოვახერხებთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც და რუსეთთან ურთიერთობის დამყარებასაც და ამისთვის ძალებს არ დავზოგავთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.