ბიძინა ივანიშვილი - გაუგებარია ოპონენტების კრიტიკა, თითქოს წარუმატებელი საგარეო პოლიტიკა გვაქვს

ბიძინა ივანიშვილი - გაუგებარია ოპონენტების კრიტიკა, თითქოს წარუმატებელი საგარეო პოლიტიკა გვაქვს

ახალი მთავრობის ყველაზე დიდი სურვილია, როგორმე დავალაგოთ ურთიერთოებები ჩვენს დიდ მეზობელთან, რუსეთთან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარე ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"იმპულსები არის დადებითი. ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება, რომ დავალაგოთ ურთიერთობები ჩვენს დიდ მეზობელთან. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ვერ მოხდება სწრაფად. თუმცა იმის იმედი იზრდება, რომ მოვახერხებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც და რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებასაც და ამისთვის ძალებს არ დავზოგავთ",-განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგების პროცესი დაწყებულია და ამის ერთ-ერთ მაგალითად რუსეთთან სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე ზურაბ აბაშიძის დანიშვნა და მისი რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრა დაასახელა.

ივანიშვილმა წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა ასევე მოსკოვში, გუშინ, ქართული დელეგაციის და რუსეთის მთავარი სანიტარის, გენადი ონიშენკოს შეხვედრაც.

"გუშინდელი მოვლენებით გაირკვა, რომ საქართველოს წინა ხელისუფლება თვითონ ზღუდავდა რუსული ბაზრის გახსნას",-განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, რუსული ბაზარი საქართველოსთვის ძალიან სანტერესოა და პირველ ეტაპზე იგეგმება ქართული ღვინის დაბრუნება და ამის შემდეგ უკვე დაიწყება ხილ- ბოსტნეული დაბრუნებაზე საუბარი.

ამასთან, ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავრობის ძირითად სტრატეგიად ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე რჩება და ამ კუთხით "ნაბიჯს არ ვანელებთ".

"ჩვენ ამ მიმართულებით სწორად და გამართულად მივდივართ და ჩვენთვის გაუგებარია ოპონენტების კრიტიკა, რომლებიც ახალ სიცრუეებს უყრიან საზოგადოებას, თითქოს წარუმატებელი საგარეო პოლიტიკა გვაქვს",-დასძინა ივანიშვილმა.