თინა ხიდაშელი - ირაკლი ალასანია ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორია

თინა ხიდაშელი - ირაკლი ალასანია ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორია

პირადად ჩემთვის ირაკლი ალასანია ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" საუბრისას განაცხადა. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის შეკითხვას - რამდენად შეიძლება ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გადაყენება უკავშირდებოდეს იმას, რომ ის არასაიმედო პარტნიორია.

"ირაკლი ალასანია არ არის ცუდი პარტნიორი, ეს ცალსახად ჩემიძლია გითხრათ. ჩვენი პარტნიორობა დღეს არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წინააღმდეგობა იყო, სრულიად ცალსახად და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ პირადად ჩემთვის ირაკლი ალასანია არის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი. Aასე ვფიქრობდი ალიანსში ყოფნის დროსაც და ასე ვფიქრობ ახლაც, როცა უკვე კოალიციაში ვართ ერთად", - აღნიშნა ხიდაშელმა.

ამ კონტექსტში, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ვიცე-პრემიერობიდან გადაყენებით ალასანია "არ დასჯილა". "ის საქართველოს თავდაცვის მინისტრია, მას აბარია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო, რომელმაც სწრაფად უნდა დაგვაახლოოს ნატოსთან. ამიტომ არ ვთვლი, რომ კაცი, რომელსაც ეს საქმე აბარია, არის რამენაირად დასჯილი", - განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა.

რაც შეეხება რაიონული ორგანიზაციებიდან რიგი წარმომადგენლის გარიცხვის შესახებ "თავისუფალი დემოკრატებისადმი" დავით საგანელიძის კრიტიკულ მოწოდებას, ხიდაშელი აღნიშნულს "დიდ გაუგებრობად" აფასებს, რომელიც მისი აზრით, "ჟურნალისტის კონკრეტულ შეკითხვაზე საგანელიძის სპონტანურ პასუხს მოჰყვა".