ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით შეხვედრებს იწყებს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით შეხვედრებს იწყებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, მინისტრის პირველი მოადგილის, თენგიზ შერგელაშვილის ხელმძღვანელობით ქვეყნის მასშტაბით შეხვედრებს იწყებს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრები რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში ყველა სამხარეო ადმინისტრაციაში შესაბამისი განრიგის მიხედვით გაიმართება. პირველი შეხვედრა დღეს დაგეგმილია კახეთში სამხარეო ადმინისტრაციაში.

დღის წესრიგით გათვალისწინებულია იმ საკითხების განხილვა, რომლებიც როგორც მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ისე საქართველოს მთვარობასა და ევროპის კავშირს შორის 2011 წლის 14 ნოემბერის დაფინანსების ხელშეკრულებით ქართული მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება. სამუშაო შეხვედრები გაიმართება UNDP-სა და GIძ-ის ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით რეგიონული განვითარების საბჭოებთან. სამუშაო შეხვედრებზე სამინისტროს წარმომადგენლები გააკეთებენ მოხსენებებს იმ ძირითადი ღონისძიებების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია რეგიონების რეგიონული განვითარების სტრატეგიების მომზადების პროცესთან, რაც ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალურ ჩართულობასა და საჯაროობას გულისხმობს.

შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება იმ ღონისძიებებზეც, რომელთა შესრულებაც ადგილობრივ თვითმმართველობებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ევალებათ. საუბარია მუნიციპალური დაგეგმვის შესაძლებლობის განვითარებისათვის მინიმალურ სტანდარტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოხელეთა გადამზადების სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დამატებით თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლებთან ადგილობრივი ბიუჯეტების პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების პროცესიც განიხილება.