ზაქარია ქუცნაშვილი – საკონსტიტუციო პროექტი კენჭისყრაზე ნებისმიერ შემთხვევაში გავა

ზაქარია ქუცნაშვილი – საკონსტიტუციო პროექტი კენჭისყრაზე ნებისმიერ შემთხვევაში გავა

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით , პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი კენჭისყრაზე ნებისმიერ შემთხვევაში გავა.

ამის შესახებ ქუცნაშვილმა "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ, "ინტერპრესნიუსი" დაინტერესდა, იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებისთვის საჭირო 100 სადეპუტატო ხმა ვერ შეაგროვა, მაინც გავა თუ არა კანონპროექტი კენჭისყრაზე.

მისი თქმით, წარმოდგენილი პროექტი გაივლის საკომიტეტო მოსმენებს და პროცედურის შესაბამისად პლენარულ სხდომაზეც გავა.

როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, მათი დღევანდელი მიმართვის მთავარი მიზანია, "ნაციონალური მოძრაობისგან" ინიცირებული პროექტის საწინააღმდეგო არგუმენტები მოისმინონ, რადგან ისინი საყოველთაო სახალხო განხილვის ფორმატში არგუმენტების წარმოდგენას გაექცნენ. მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ "ქართული ოცნება" მზად არის, ამ თემაზე "ნაციონალურ მოძრაობასთან" დებატები გამართოს როგორც საპარლამენტო განხილვების ფორმატში, ასევე მედიასაშულებების საშუალებით.

"ჩვენ ვთქვით, აი ბურთი და მოედანი, წარმოადგინეთ არგუმენტები, თუ რატომ უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს უფლება იმისა, რომ დაითხოვოს პარლამენტი, დაითხოვოს მთავრობა და დაამტკიცოს ხალხის ნების საწინააღმდეგო შემადგენლობის მინისტრთა კაბინეტი", - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

რაც შეეხება განხილვის პროცედურასთან დაკავშირებულ გეგმებს, დეპუტატი ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით რაიმე კორექტირება მათ გეგმებში არ შესულა.
დღეს "ქართული ოცნების" ლიდერებმა გაავრცელეს მიმართვა, რომლის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობა უმცირესობას საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას სთავაზობს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დებატებში იწვევს.