რიჩარდ ნორლანდი: 'მნიშვნელოვანია, ოპოზიცია პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის კრიტიკას

რიჩარდ ნორლანდი: 'მნიშვნელოვანია, ოპოზიცია პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის კრიტიკას"

მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის კრიტიკას და მისი მხრიდან მთავრობის კრიტიკა არ გახდეს თვითმიზანი , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განუცხადა.

"მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მთავრობას ჰქონდეს საშუალება, მართოს ქვეყანა, რადგან საზოგადოება ელოდება შედეგს, ვითარების გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის კრიტიკას და მისი მხრიდან მთავრობის კრიტიკა არ გახდეს თვითმიზანი. უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ მთავრობასა და ოპოზიციას ჰქონდეს თანაცხოვრების საშუალება და კოჰაბიტაცია ეფექტურად გაგრძელდეს. ჩვენ ამ პროცესს ყურადღებით ვადევნებთ თვალს", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ აფასებს გასული 100 დღის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობას, ამერიკელი დიპლომატის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით საელჩო საკუთარ მოსაზრებას მოგვიანებით, მას შემდეგ დააფიქსირებს, რაც ორი კვირის განმავლობაში მთავრობის საქმიანობის შესახებ გარკვეულ შეფასებებს მოისმენს.

"ამასთან დაკავშირებით ორი კვირის განმავლობაში ჩვენ მოვისმენთ არა ერთ შეფასებას. გაცილებით საინტერესოა, როგორ შეფასებას გააკეთებს ქართველი ხალხი. სწორედ ამის შემდეგ მოგახსენებთ ჩვენს მოსაზრებას. ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ 100 დღე მეტისმეტად მცირე დროა ნებისმიერი მთავრობისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ რა დასკვნაც არ უნდა გავაკეთოთ ამ 100 დღესთან დაკავშირებით, ეს მაინც იქნება წინასწარი შეფასება და დასკვნა", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.