ეკა ბესელია - ყველა იმ პირს, რომელსაც ქონება უკანონოდ ჩამოართვეს, უკან უნდა დაუბრუნდეს

ეკა ბესელია - ყველა იმ პირს, რომელსაც ქონება უკანონოდ ჩამოართვეს, უკან უნდა დაუბრუნდეს

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ყველა იმ პირს, რომელსაც ქონება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინა ხელმძღვანელობის პირობებში უკანონოდ ჩამოართვეს, უკან უნდა დაუბრუნდეს.

ეს განცხადება ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ადვოკატ ირმა ჭკადუას ინფორმაციის კომენტირებისას გააკეთა, რომლის მიხედვით, შსს-ს მიერ საპრივატიზაციოდ გამოტანილ ავტომანქანათა ნუსხაში ზოგიერთმა კერძო პირმა მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ავტომანქანები ამოიცნო.

"თუ ასეთი ფაქტი არსებობს, ის სწრაფად უნდა განიხილოს პროკურატურამ და პოლიციამ და ყველა პირის საკუთრების უფლება სწრაფად დაკმაყოფილდეს. ამასთან გაირკვეს, რომელიც მაღალჩინოსნები სარგებლობდნენ მოქალაქეებისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ავტომანქანებით", - განაცხადა ბესელიამ.

მისივე განმარტებით, პირადად მას ახსოვს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში პოლიციის მაღალჩინოსნები მანქანებს ძალიან ბევრ მოქალაქეს ართმევდნენ.
ირმა ჭკადუას ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აუქციონზე გატანილ ავტომობილებში 20-მდე პირმა საკუთარი ავტომობილი იცნო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჭკადუამ განუცხადა, აღნიშნული პირები აცხადებენ, რომ მათ ავტომობილები უკანონოდ წაართვეს და მის დაბრუნებას მოითხოვენ. მისივე ინფორმაციით, საქმეზე მთავარ პროკურატურას გამოძიება უკვე დაწყებული აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის ბალანსზე არსებული ძვირადღირებული

ავტომანქანების აუქციონის წესით გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადება გასული
წლის 24 დეკემბერს გააკეთა.

სარეალიზაციოდ გამზადდა 50-მდე ავტომანქანა. საუბარია ისეთ ძვირადღირებულ მოდელებზე, როგორიცაა Range Rover, Range Rover Sport, Range Rover truck, Mercedes S, ML, INYX6, X5 და M5, რომლებიც უწყებაში ახალი მინისტრის დანიშვნამდე იყო შეძენილი.

თითოეული მანქანის ღირებულება ხშირ შემთხვევაში 100 000 დოლარს აჭარბებს, ხოლო მათი ტექნიკური მომსახურება, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ჯამში წელიწადში მილიონ ლარზე მეტი ჯდებოდა.