წულუკიანი: სისტემატური შემოწმებები დაიწყო, რომ უკანონობის ჩამდენი ნოტარიუსები გამოვლინდნენ და გათავისუფლდნენ

წულუკიანი: სისტემატური შემოწმებები დაიწყო, რომ უკანონობის ჩამდენი ნოტარიუსები გამოვლინდნენ და გათავისუფლდნენ

ნოტარიუსი მოქალაქეების სანდო და მიუკერძოებელი მსახური უნდა იყოს. შესაბამისად, საქართველოში ნოტარიუსი უკანონო ქმედებას არავის დავალებით აღარ ჩაიდენს.

 ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ნოტარიუსებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მთავრობის წევრმა სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

„ის მანკიერი დრო წარსულს ჩაბარდა, როდესაც მოქალაქეებს აიძულებდნენ - ქონება საკუთარი ნების წინააღმდეგ გაესხვისებინათ და ამას შუაღამისას ნოტარიუსი აკანონებდა. გეგმიური და სისტემატური შემოწმებები დაიწყო, რომ უკანონობის ჩამდენი ნოტარიუსები გამოვლინდნენ და გათავისუფლდნენ“, - განაცხადა მინისტრმა.

ამას გარდა, წულუკიანმა სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი - მაღალმთიანი და დაბალშემოსავლიანი რეგიონების მოსახლეობისთვის სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობაა.

„გარკვეული შეღავათები დაწესდება, რათა ყველა იმ რეგიონში, სადაც ამჟამად სანოტარო ბიურო არ მოქმედებს, ნოტარიუსებს მუშაობის სურვილი და მოტივაცია გაუჩნდეთ“, - დასძინა მინისტრმა.

რეფორმების გატარების მიზნით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში საკანონმდებლო ცვლილებები მზადდება. გაზაფხულზე კი, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა და სტაჟირება დაინიშნება.