საგამოძიებო სამსახური ცეზარ ჩოჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საგამოძიებო სამსახური ცეზარ ჩოჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ ჩოჩელს , როგორც საჯარო მოხელეს, კანონმდებლობით სამეწარმეო საქმიანობა ეკრძალებოდა, იგი ფაქტიურად ხელმძღვანელობდა შპს "ნიუ ენერჯის" _ მფარველობას უწევდა და ხელს უწყობდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კონტრაქტების გაფორმებაში. აღნიშნული საქმიანობის სანაცვლოდ კი, იღებდა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს, რამაც საერთო ჯამში 5 421 845 ლარი შეადგინა.
"ინტერპრესნიუსი" საგამოძიებო სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"მცხეთა - მთიანეთის ყოფილ გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელს სამართალდამცავებმა ბრალი 337 - ე და 194 - ე მუხლის მესამე ნაწილით გუშინ წაუყენეს. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩოჩელი 24 დეკემბერს დააკავეს. გამოძიება მას სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება. 
ცეზარ ჩოჩელს, როგორც საჯარო მოხელეს, კანონმდებლობით ეკრძალებოდა სამეწარმეო საქმიანობა და საწარმოს მართვაში მონაწილეობა. მიუხედავად აკრძალვისა, იგი ფაქტიურად ხელმძღვანელობდა შპს "ნიუ ენერჯის," მფარველობას უწევდა და ხელს უწყობდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კონტრაქტების გაფორმებაში. აღნიშნული საქმიანობის სანაცვლოდ, ღებულობდა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს და ფულის გათეთრების გზით აძლევდა კანონიერ სახეს. 
2009 წლის ნოემბერში შპს "ნიუ ენერჯი"– ს ცეზარ ჩოჩელმა მოსთხოვა, რომ სხვადასხვა პროექტების განხორციელების შედეგად მიღებული შემოსავლები გადაერიცხა შპს "ბერტა"– ს საბანკო ანგარიშზე, რომლის ერთერთი დამფუძნებელიც მისი ძმა იაგო ჩოჩელი იყო, თუმცა ფაქტიურად ამ ფირმას მართავდა ცეზარ ჩოჩელი. "ნიუ ენერჯიმ" ც. ჩოჩელის უკანონო მოთხოვნა დააკმაყოფილა და შპს "ბერტა"– ში ეტაპობრივად გადარიცხა თანხა 5 360 000 ლარის ოდენობით. 
2010 წლის ზაფხულში ცეზარ ჩოჩელის მოთხოვნის საფუძველზე, შპს "ნიუ ენერჯიმ" ჩოგბურთის და კალათბურთის მოედნების მოსაწყობად, თურქეთიდან ჩამოიტანა 61 845 ლარის ღირებულების საჭირო ინვენტარი და თბილისში, სოფელ დიღომში, ცეზარ ჩოჩელის მეუღლის, სვეტლანა ჩოჩელის საცხოვრებელი სახლის ეზოში დაამონტაჟა.
გამოძიების მიერ მტკიცებულებების შეფასებისა და საერთო ანალიზის საფუძველზე, ცეზარ ჩოჩელის უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა 5 421 845 ლარი შეადგინა. უკანონო სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავლები მას არ აუსახავს საჯარო მოხელის ყოველწლიურ ქონებრივ დეკლარაციაში. 
საქმის გამოძიება გრძელდება",- ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.