პატრიარქი საქართველოში დღეს დაბრუნდება

პატრიარქი საქართველოში დღეს დაბრუნდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვიდან თბილისში დღეს, დღის მეორე ნახევარში დაბრუნდება. ილია მეორე რუსეთში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, მისი უწმინდესობა კირილის მიწვევით 5-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ძირითადი მიზეზი, უწმინდესის დაჯილდოება იყო. ილია მეორე "მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის ფონდმა" სპეციალური პრემიით დააჯილდოვა. ჯილდო მართლმადიდებელი ხალხების დამეგობრებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს უკავშირდება. 
ვიზიტის ფარგლებში უწმინდესი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს, მის უწმინდესობა კირილს შეხვდა. გარდა ამისა, პატრიარქებმა წმინდა სინოდის წევრებთან ერთად კრემლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვა ჩაატარა. 
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა რუსეთში ყოფნის დროს შეხვედრა ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთანაც გამართა. 
უწმინდესთან ერთად სასულიერო პირების დელეგაციის წევრებს შორის იმყოფებოდნენ საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე, პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული, არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა აბაშიძე.