ცეზარ ჩოჩელს აღმკვეთ ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ

ცეზარ ჩოჩელს აღმკვეთ ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ

მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორს ცეზარ ჩოჩელს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.  ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, ჩოჩელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 337-ე მუხლებით წაუყენეს, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.
ადვოკატის ცნობით, აღმკვეთ ღონისძიებას მისი დაცვის ქვეშ მყოფს თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს შეუფარდებენ. 
ჩოჩელის ადვოკატები საქმის მასალებს, მისი მოცულობიდან გამომდინარე, ბოლომდე არ იცნობენ, თუმცა, როგორც ჭაბაშვილმა განმარტა, საქმე ეხება კომპანიების მართვის დროს ფულის გათეთრებას და სხვა ფირმებში ჩადებას. 

ამასთან, ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე, სადაც ჩოჩელს აღმკვეთი ღონისძიება უნდა შეუფარდონ, ადვოკატები არასაპატიმრო ღონისძიებას - გირაოს მოითხოვენ. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, რა თანხას დაასახელებენ ადვოკატები ჩოჩელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების სანაცვლოდ. 
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ გუბერნატორს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ, 24 იანვარს დააკავა. ჩოჩელი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.